07/11/2024
15:11
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის მუშაობისთვის მნიშვნელობა არ აქვს, შევა თუ არა ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში, რადგან ისტერიის მოწყობის გარდა, მათ მეათე მოწვევის პარლამენტში არაფერი უკეთებიათ.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, დარწმუნებულია, საბოლოო ჯამში, ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში შევლენ.
„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიცია იქნება თუ არა პარლამენტში. ეს გვასწავლა ჩვენ მათ შორის მეათე მოწვევის პარლამენტმა, რომელშიც ისინი გვიან შემოვიდნენ, მაგრამ მათ შემოსვლა-არშემოსვლას პარლამენტისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია. გარდა შფოთისა და ისტერიისა, პარლამენტში არაფერი მოუწყვიათ. ამიტომ ჩვენი ქვეყნისთვის, პარლამენტისა და პარლამენტის ფუნქციონირებისთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მეორე მხრივ, ჩვენ დარწმუნებული ვართ, ადრე თუ გვიან შემოვლენ. ამ მოწვევის პარლამენტმაც ეს გვასწავლა, შემოვიდნენ კიარა, 2021 წლის დეკემბერში გვეხვეწებოდნენ, ის დაკარგული ხელფასები, რაც ჰქონდათ მათ არშემოსვლის გამო, აღგვედგინა. დეკემბრის ბოლო რიცხვებში სპეციალურად შეიკრიბა ჯერ ხაზინადართა საბჭო, შემდეგ ბიურო, რომ მათ მსუყე მსუყე თანხები რაღაცნაირად მიეღოთ და ჩარიცხვოდათ თავიანთ ანგარიშებზე. ასე რომ, ეს ხალხი, რა თქმა უნდა, შემოვა, რადგან მათ არანაირი ღირებულებები არ აქვთ, მეორე – მათ რასაც ეტყვიან, ისე მოიქცევიან. დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, ეტყვიან, იქნებ შემოვიდნენ პარლამენტში, რომ შიგნით ჰყავდეთ ბუნტისთავები და ისტერიის მომწყობი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0