29/08/2022
22:06
სამართალი
ვანში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
,,შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ზ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა ვანში მდებარე ერთ-ერთი კვების ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე ობიექტის მეპატრონეს – 1982 წელს დაბადებულ დ.ჩ.-ს დანის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
პოლიციამ გ.ზ. ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში, ვანის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულის სახით დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
0
0