25/07/2024
14:26
სამართალი
ღამით, თელავის მუნიციპალუტეტის სოფელ ლალისყურში მკვლელობა მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ერთად შეკრებილ თანასოფლელებს შორის კონფლიქტი წარმოიშვა, რაც რამდენიმე გასროლის შემდეგ ტრაგედიით დასრულდა.
ერთ-ერთმა ადგილობრივმა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თანასოფლელი მოკლა, მეორე კი მძიმედ დაჭრა.
დაჭრილი თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში მიყვანისას გარდაიცვალა. გარდაცვლილები არიან არჩილ გაწირიძე და კახა ზათიაშვილი.
სოფელ ლალისყურის მცხოვრებლები ამბობენ, რომ სავარაუდო მკვლელს და გარდაცვლილებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.
ადგილობრივების თქმით, არ იციან რას უკავშირდება კონფლიქტი, რადგან ჩხუბი არასდროს მოსვლიათ.
ეთერ ქოთილაიძე: "2-3 გასროლის ხმა გავიგეთ. ერთი ადგილზე დაღუპულა, მეორე საავადმყოფოში მიყვანისთანავე. ეძებენ და ვერ პოულობენ. რომელმაც მოკლა, ისიც არ იყო ლოთი, იშვიათად სვამდა, მთვრალი არ გვინახავს. ეს ბიჭი თბილისში ცხოვრობდა, რომელიც დაიღუპა და აქ იყო მშობლებთან ჩამოსული."
თამარ ხუცაიძე: "ესროლესო და რაზე ისროლეს, არ ვიცი. არადა, სამივე ბიჭი ძალიან კარგი ბიჭები არიან, სოფელში ცუდად არ ხსენებულან, თან ძალიან ახლო-ახლო ცხოვრობენ, კარგი ძმაკაცები და მეგობრები იყვნენ. საერთოდ, არც ჩხუბი და არც არაფერი გაგვიგონიაო და, ისედაც, არ იყვნენ მოჩხუბრები, კარგი, წყნარი ბიჭები იყვნენ."
ბესიკ ხუმარაშვილი: "ბავშვებმა დაიძახეს, რომ ვიღაც კაცმა თოფი ისროლაო. გამოვედით და ერთი უკვე მკვდარი ეგდო, მეორე, დაჭრილი კი ლაპარაკობდა - ისევ ცოცხალი იყო. ვინ იყო, რა იყო, ვერაფერი ვერ გავიგეთ. ნასვამები არ იყვნენო. მეზობლები არიან, ერთ უბანში არიან გაზრდილები. რომელიც მოკლეს, იმის ბავშვის ნათლია ყოფილა მკვლელი."
როგორც ადგილობრივები ყვებიან, დაპირისპირება სამ მამაკაცს შორის სუფრასთან მოხდა, რის შემდეგაც ერთ-ერთმა მათგანმა ორი თანასოფლელი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ადგილზე მოკლა. სავარაუდო დამნაშავე გაქცეულია და სამართალდამცველები მას ამ დრომდე ეძებენ.
პირი, რომელიც ორი თანასოფლელის მკვლელობაშია ბრალდებული, მიიმალა და მას პოლიცია ეძებს. ადგილობრივების თქმით, ის თამაზ წიქარაძეა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი მოკლულის შვილის ნათლიაა. ტრაგედიის ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი უცნობია.
„რომ გამოვედი ვნახე ორი კაცი სისხლში ცურავდა. ერთი უკვე გარდაცვლილი იყო. მეორე ჯერ ისევ ცოცხალი. ხალხი გამორბოდა, დავიყვირე სასწრაფოში დარეკეთ-მეთქი“,- ამბობს პირი, რომელიც მომხდარიდან შემთხვევის ადგილზე პირველი მივიდა.
სოფელ ლალისყურში ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს.
0
0