02/12/2021
13:05
სამართალი
„ბინძურო მატყუარავ, ბინძურო მატყუარავ“, – მიმართა მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ პროკურორს.
პროცესზე ხმაური 26 მაისის თემამ გამოიწვია. ადვოკატების განცხადებით, პროკურორ გიორგი მუჯირის განცხადებები პოლიტიკურად მოტივირებულია.
ბექა ბასილაიას განმარტებით, პროკურორების, გიორგი მუჯირის და არჩილ ტყეშელაშვილის ამოცანაა, მოცემული საქმის ირგვლივ პოლიტიკური აზრის ფორმირება და ამ შემთხვევაში ისინი არა მბრალდებლები, არამედ ხელისუფლების პროპაგანდისტები არიან.
დაცვის მხარის განცხადებებს უპასუხა პროკურორმა გიორგი მუჯირმა.
„დაცვის მხარის აცილების შუამდომლობა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ მათ სურთ, საზოგადოებაში გააჩინონ აღქმა იმისა, რომ მხოლოდ პიჯაკებსა, თუ რაღაც სამგლოვიარო თაიგულის გამო სამართლდება მიხეილ სააკაშვილი, მათ დისკომფორტს უქმნით საქმეში არსებული ის უამრავი დანახარჯი, რომელიც წარმოდგენილია, რომელიც ცალსახად უკანონოა და რა თქმა უნდა, გარკვეულწილად უკავშირდება ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს. საჯარო ინტერესი ამ საქმეზე დიდია და გვიწევს განმარტებების გაკეთება. საქმის მასალებიდან მოხდა ფაქტის დემონსტრირება, რომ 26 მაისის შემდეგ რამდენიმე დღეში ვიზიტით სარგებლობს ბრალდებული სააკაშვილი, იღებს ფუფუნების საგნებს და ის, რომ გარკვეულ მოვლენებთან არის დაკავშირებული, თუ ეს მორალურად უქმნით დისკომფორტს, არ ნიშნავს, რომ მე უნდა ამეკრძალოს, დავასახელო ეს ფაქტი. ეს არ არის მდგენელი იმისა, რომ ჩემი განცხადებები მოტივირებულია პოლიტიკურად“, – განაცხადა გიორგი მუჯირმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იმართება.
პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვას ედავება. საუბარია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვაზე. აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით გაფლანგვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან 11 წლამდე ითვალისწინებს.
გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სდსს-ის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას და ოთარ ქველიძის მონაწილეობით, მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სდსს-თვის გამოყო თანხები. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, 2009 წლის პირველი მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებითა და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, აღნიშნული თანხიდან არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367.34 ლარი. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ხარჯების ჩამოწერა სდსს-ის უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ხელმძღვანელობით განხორციელდა საიდუმლო დოკუმენტებით, რომლებსაც გრიფი „საიდუმლო“ უკანონოდ მიენიჭა.
0
0