13/06/2024
00:38
ეკონომიკა
მსოფლიო ბანკმა გადახედა ბევრი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს და საქართველო არის ერთ-ერთი იმ მცირეთაგანთა, სადაც პროგნოზი გაუმჯობესდა, მიუხედავად იმისა, რომ იცით, როგორი ვითარებაა გლობალურად, ძალიან ბევრი გაურკვევლობაა, ძალიან ბევრი გეოპოლიტიკური ფაქტორი მოქმედებს, მსოფლიო ბანკმა ნახა საფუძველი, ჩვენი ეკონომიკური პროგნოზი გაეუმჯობესებინა, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
„ვიდრე უშუალოდ ლარის მერყეობაზე გადავალთ, ეს თემა რომ გასაგებად გავშალოთ, დავიწყოთ ეკონომიკით, იმიტომ რომ ეკონომიკის სარკე არის ჩვენი საფინანსო ბაზარი, ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები ირეკლება ჩვენს სავალუტო ბაზართან მიმართებით. დღეს თუ გუშინ გამოქვეყნდა ბოლო სამომავლო პროგნოზი მსოფლიო ბანკის, რომელმაც გადახედა ბევრი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს და საქართველო არის ერთ-ერთი იმ მცირეთაგანთა, სადაც პროგნოზი გაუმჯობესდა, მიუხედავად იმისა, რომ იცით, როგორი ვითარებაა გლობალურად, ძალიან ბევრი გაურკვევლობაა, ძალიან ბევრი გეოპოლიტიკური ფაქტორი მოქმედებს, მსოფლიო ბანკმა ნახა საფუძველი, ჩვენი ეკონომიკური პროგნოზი გაეუმჯობესებინა. რამდენიმე ხნის წინ იგივე გააკეთა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონი არ არის მშვიდი, ჩვენს სიახლოვეს მიმდინარეობს ომი, არის სხვადასხვა გაურკვევლობა, მათ შორის დაკავშირებული შიდა პოლიტიკურ ვითარებასთან, აწეულია ტემპერატურა, სავალუტო ფონდმაც გააუმჯობესა ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. ამის საფუძველი არის არსებული სტატისტიკა. იცით, რომ ამ წლის პირველი 4 თვის ფაქტობრივი ზრდა არის საკმაოდ ძლიერი - საშუალოდ 9%. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ეს ძლიერი ეკონომიკური ზრდა ჩვენ გვაქვს დაბალ ინფლაციასთან ერთდროულად. ეს არის საკმაოდ იშვიათი თანაწყობა. როდესაც ამაზე ვსაუბრობთ სხვადასხვა საერთაშორისო შეხვედრაზე, შურით გვისმენენ ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენლები, იმიტომ რომ გვაქვს ერთდროულად ძლიერი ეკონომიკური ზრდა და ინფლაცია, რომელიც 1%-ის ირგვლივ ტრიალებს. ჩვენი მიზნობრივი, ანუ ნორმალური ინფლაცია არის 3%. აპრილის მონაცემი არის 1,5%, მანამდე თითქმის 12 თვე 1%-ზე ნაკლები იყო და ჩვენი პროგნოზია, რომ წლის ბოლომდე იქნება კვლავაც 3%-ზე დაბალი ინფლაცია და მიზნობრივს მიუახლოვდება საშუალოვადიან პერიოდში“, - აღნიშნა თურნავამ.
0
0