11/11/2024
21:28
პოლიტიკა
მისია შესრულებულია, დემოკრატია ცოცხალია, მაგრამ ეს არ არის მმართველი პარტიის დამსახურება, ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა თბილისში, საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"შესაძლოა, ეს ჩემი ბოლო ვიზიტი იყოს საქართველოში, რადგან მე უნდა დავტოვო პოლიტიკა და მე ჩამოვალ ხოლმე, როგორც ქართველი ხალხის მეგობარი. მისია შესრულებულია, დემოკრატია ცოცხალია, მაგრამ ეს არ არის მმართველი პარტიის დამსახურება, ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება," - განაცხადა მიხაილ როთმა.
მან აღნიშნა, რომ მათ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის გამო აკრიტიკებენ.
„მოხარულები ვართ, რომ ისევ აქ, თბილისში ვიმყოფებით, ევროპის ნამდვილ დედაქალაქში. ვიცი, რომ ზოგიერთს თქვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით მთავრობაში და მმართველ პარტიაში, ჩვენი ვიზიტი არ უხარია, მაგრამ ჩვენ მტრები არ ვართ, ჩვენ მეგობრები ვართ. ჩვენ თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს მეგობრები ვართ, ევროპის გულში, ეს თქვენი ადგილია, რომელსაც იმსახურებთ“, - განაცხადა მიხაილ როთმა.
„ჩარევაა თქვენი ქვეყნის პრეზიდენტთან შეხვედრა? მამაც ქალბატონთან, ევროპის ერთგულ ქალბატონთან, რომელიც თქვენი ქვეყნის მომავლისთვის თქვენთან ერთად იბრძვის? ჩარევაა თქვენთან, ევროპული ღირებულებებისთვის, დემოკრატიისა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის მებრძოლ ამაყი ქვეყნის მოქალაქეებთან შეხვედრა? საქმე ჩარევას არ ეხება, არამედ საერთო მომავალს ერთიან ევროპაში და ჩვენ აქ ამიტომ ვართ“, - აღნიშნა როთმა.
0
0