28/11/2024
22:58
პოლიტიკა
თქვენ სახელმწიფოს გარეშე არაფერი ხართ და თქვენი მოვალეობა ამ სახელმწიფოში არის ის, რომ მოქალაქეები დაიცვათ და არა მონები და არა რუსები, - ასე მიმართა პოლიციას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.
ზურაბიშვილმა პოლიციის გარდა, ჯარსაც მიმართა და მიმართა ასევე საზოგადოებას, რომელსაც პროტესტისა და არშეგუებისკენ მოუწოდა.
“მინდა, მივმართო პოლიციას, ნამდვილ პოლიციას, რომელიც სახელმწიფოს ემსახურება - თქვენ სახელმწიფოს გარეშე არაფერი ხართ და თქვენი მოვალეობა ამ სახელმწიფოში არის ის, რომ მოქალაქეები დაიცვათ და არა მონები და არა რუსები და არა უცხოელები და არა მოღალატეები, ასე რომ, თქვენც აიღეთ თქვენს ხელში, რაც არის თქვენი გადასაწყვეტი!
მინდა მივმართო ქართულ ჯარს, იმ ჯარს, რომელსაც დღეს ყველაზე მეტად სტკივა გული, რომელსაც დღეს არანაირი მოქმედება არც შეუძლია და არც ევალება, მაგრამ ის არის ყველაზე ერთგული ამ ქვეყნის, ის არის, რომელსაც ყველაზე უფრო გული სტკივა, რომ ეს ქვეყანა უბრუნდება იმ რუსეთს, რომელსაც ჩვენ ძლივძლივობით დავაღწიეთ თავი, დავამტკიცეთ ჩვენი დამოუკიდებლობა. ამ შენობაში არის გამოფენილი ყველა ჩვენი ეროვნული გმირის პორტრეტი. ეს იქნება აქ და ვერავინ მოხსნის, როგორც ვერავინ წაგვართმევს დამოუკიდებლობას!
მოგმართავთ ყველას, ვინც ტელევიზორთან ხართ, ვინც გამოსული ხართ - არ დაკარგოთ იმედი, არავინ გაბედოს და არ ჩაგიკლათ დღევანდელი პროტესტი. არშეგუება, არდანებება და წინააღმდეგობა და მე ამის ერთგული ვიქნები ბოლომდე ისევე, როგორც თქვენ იქნებით ერთგული ბოლომდე”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა. კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.
0
0