25/10/2024
00:01
არჩევნები 2024
კოალიციამ „ძლიერი საქართველო“ თბილისში შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მოქალაქეებს მიმართეს კოალიციის ლიდერებმა.
კოალიციის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მადლობა გადაუხადა კოალიციურ პარტიებს და პრეზიდენტს.
„მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კოალიციურ პარტნიორებს და უკვე ძალიან კარგ მეგობრებს, ანა დოლიძეს ამ ქვეყანაში სამართლიანობისთვის, ადამიანის უფლებების დაცვისთვის, ალეკო ელისაშვილს თბილისის სიყვარულისთვის და თბილისელების მხარდაჭერისთვის, ლევან ცუცქირიძეს მუდამ დემოკრატიის განვითარებისთვის და მისი შრომისთვის ამ მიმართულებით და საქართველოს პრეზიდენტს,გიორგი მარგველაშვილს, რომელიც არის ამ ქვეყნის სიძლიერის და პრინციპულობის განსახიერება და რა თქმა უნდა, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ძალიან დიდი ხნის მეგობარს, 33 წლის მეგობარს, ჩემს უახლოეს ადამიანს, ჩემს ბადრი ჯაფარიძეს. თქვენი სახელით მინდა მივესალმო საქართველოს პრეზიდენტს და მადლობა გადავუხადო მას იმ ბრძოლისთვის, იმ ლიდერობისთვის, იმ დროშისთვის, რომელსაც ჰქვია საქართველოს დროშა ევროპაში. დიდი მადლობა!“, - განაცხადა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძემ დასკვნით ღონისძიებაზე ისაუბრა მისი კოალიციის ხედვაზე, მისი თქმით, „ძლიერი საქართველოს“ მიერ გაწერილი რეფორმები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებამდე მიიყვანს.
„22 წლის ვიყავი, როცა ბერლინის კედელი ჩამოინგრა და მაშინ გამიჩნდა პირველი სურვილი, რომ ჩვენც შევძლებდით ამ გზაზე დადგომას და მას მერე ყველაფერი გავაკეთე იმისათვის ბადრისთან და ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, რომ იმ პერიოდში, როცა ვიყავით ბიზნესში, შემოგვეტანა ამ ქვეყანაში ევროპული ტექნოლოგიები, ევროპული განათლება, ევროპული ინვესტიცია, შევქმენით ათეულობით კომპანია და რამდენიმე მსხვილი კომპანია დღეს ევროპულ ბაზარზე ევროპულ კომპანიებს ეჭიდავება და სწორედ ამას ვფიქრობდი, რომ ასე მოხდებოდა პოლიტიკაშიც, მაგრამ 12 წელი ჩვენი ქვეყანა ბიძინა ივანიშვილმა, შეიძლება ითქვას, გააჩერა თავისი ტყუილებით და დაპირებებით, რომელიც ხალხმა დაიჯერა. ეს იყო რაღაც 100 ქარხანა, უფასო ფული, ეს იყო ის დაპირებები, რომ გააოცებდა ევროპას განსაკუთრებული დემოკრატიით და რაც ყველაზე მთავარია, გააჩერა საუკუნის პროექტი, ანაკლიის პროექტი, რომელმაც ათიათასობით სამუშაო ადგილი გააქრო და ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს და ეს ყველაფერი შეგვიძლია დავამთავროთ ჩვენ, შეგვიძლია დავამთავროთ ორ დღეში იმიტომ, რომ ორ დღეში ჩვენ შეგვიძლია ამ ქვეყანაში შევცვალოთ ის რეალობა, რომელიც ტყუილებს ეფუძნება და დავიწყოთ ძლიერი საქართველოს მშენებლობა.
ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ქართველი ხალხია დაკვეთა შეგვესრულებინა. რა დაკვეთა იყო ეს? ოცი წელი ამ ქვეყანას ორი პარტია მართავდა, 20 წელი და ადამიანები აღარ მიდიოდნენ არჩევნებზე იმიტომ, რომ მათთვის ალტერნატივა არ არსებობდა. ჩვენ შევქმენით ახალი კოალიცია, სადაც გაერთიანდა “ლელო”, ანა დოლიძის პარტია “ხალხისთვის”, ალეკო ელისაშვილის “მოქალაქეები”, ლევან ცუცქირიძის “თავისუფლების მოედანი” და საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი. ჩვენ შევქმენით ახალი, ნამდვილად რეალური ალტერნატივა “ძლიერის საქართველოს” სახით. ამ “ძლიერ საქართველოს” აქვს ძლიერი პროგრამა, “ილიას გზა”. მგონი, ძალიან კარგად გვესმის რას ნიშნავს ეს ქართველი ხალხისთვის და ამ “ილიას გზაში” ჩვენ გაწერილი გვაქვს ის რეფორმები, რომლებიც ჩვენ მიგვიყვანს ევროკავშირში გაწევრიანებამდე, ძლიერ ქვეყნამდე. ჩვენ გვაქვს ისეთი რეფორმები ჩადებული, რომლებიც მისცემს თითოეულ მოქალაქეს შესაძლებლობა იგრძნოს თავი ღირსეულად და მიხვდეს, რომ ის არის ჩართული ამ ქვეყნის, ძლიერი ქვეყნის მშენებლობის პროცესში. მინდა გითხრათ, რომ ძალიან კონკრეტული გეგმა გვაქვს. განვმეორდები და არ დავიღლები ამის გამეორებით და ამ გეგმას, აუცილებლად შევასრულებთ. ეს არის 9-პუნქტიანი მოთხოვნების შეთანხმება და შესრულება, რომელიც ჩვენ ძალიან სწრაფად გაგვაწევრიანებს ევროკავშირში. ეს არის 1000-ლარიანი პენსი, რომლის დაბეგვრის ბაზა ჩვენ რამდენჯერმე ვთქვით და კიდევ გავიმეორებ, იქნება სამართლიანი დაბეგვრა კაზინოების ბიზნესის. ეს არის 200 000 სამუშაო ადგილის შექმნა, სადაც ჩვენ ძალიან
სწრაფად დავიწყებთ იმ პროექტების დამთავრებას და ახალ პროექტებს დავიწყებთ, როგორიც არის ანაკლია, ანაკლიის ქალაქი, კახეთი, იმერეთი და ა.შ გვაქვს ეს გაწერილი და თქვენ ეს იცით და ამ პროექტებს ჩვენ აუცილებლად განვახორციელებთ. სხვა პარტიებისგან განსხვავებით, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ ჩვენ ამას დავიწყებთ პირველივე სამ კვირაში, ანუ ამ პროცესს და კანონმდებლობაში ცვლილებებს დავიწყებთ პირველივე სამ კვირაში და სხვა პარტიები იძლევიან დაპირებებს, მაგრამ ჩვენ, “ძლიერი საქართველო” ვიღებთ ვალდებულებებს, ორი სხვადასხვა რაღაც არის - ჩვენ ვიღებთ ვალდებულებებს, რომ ამას გავაკეთებთ .
20 წელი ორი პარტია მართავდა ამ ქვეყანას და რეალურად გაჩნდა ჩვენი სახით ალტერნატივა, რომელსაც აქვს კონკრეტული გეგმა და პროგრამა. რა არის ახალი პოლიტიკის კეთება? ახალი პოლიტიკის კეთება არის იმ ხალხის მოსმენა, იმ ხალხის ჩართვა, რომლებიც დღე და ღამე შრომობენ და მზად არიან საქართველოს სიყვარულისთვის ნებისმიერ საქმეზე წავიდნენ. ესენი არიან ის დედები, რომელთაც უნდათ თავიანთ შვილებს ჰქონდეთ ძალიან მაგარი მომავალი, ძალიან მაგარი განათლება. ესენი არიან ის ვეტერანები, რომლებმაც ჩვენი დამოუკიდებლობისთვის თავი გასწირეს და დამოუკიდებლობა შეგვინარჩუნეს და ჩვენ ახლა ამ დამოუკიდებლობის დაცვისთვის ვართ შეკრებილები და ამას ვაკეთებთ ყოველდღიურად. ესენი ის დევნილები არიან, რომელთა მოგონებები დაკარგულის სახლები და დევნილობაში გატარებული დრო გვაძლევს ჩვენ ინსპირაციას ძალიან
სწრაფად მოხდეს რეინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ესენი არიან ახალგაზრდები, რომლებსაც უნდათ აქ შექმნან თავიანთი ცხოვრება და არ იფიქრონ იმაზე, რომ ერთადერთი შანსი არის ქვეყნის დატოვება. 117 000 ახალგაზრდამ, 30 წლამდე, დატოვა ჩვენი ქვეყანა ეს კატასტროფაა და ამ ხალხის ხმა არ ესმის ბიძინას, არ ესმის “ქართულ ოცნებას” იმიტომ, რომ ესენი ემსახურებიან რუსეთის ინტერესებს და ეს ყველაფერი ემსახურება “ქართული ოცნების” ელიტარულ ჯგუფს, რომელსაც ხელები აქვთ ისე ღრმად ჩაყოფილი კორუფციაში, რომ უკვე სადღა წავიდნენ აღარ იციან. ამიტომ უნდათ მათ ხელისუფლების შენარჩუნება, მაგრამ ამ ხალხის გვესმის ჩვენ,” ძლიერ საქართველოს”. ჩვენ ამ ხალხს ვუსმენთ და სწორედ ასეთი ხალხის ჩართულობით მოხდება ახალი პოლიტიკის კეთება საქართველოში.
20 წელი ერთი და იგივე სახეები. ამ ქვეყანას სჭირდება ისეთი ლიდერები, რომლებიც არიან სუფთა წარსულით, არ ყოფილან ხელისუფლებაში, აქვთ გეგმა, რომლებიც აიღებენ რისკს და არა მოდიან იმიტომ, რომ დიდი ხანი იყვნენ ხელისუფლებაში. სწორედ ასეთი ადამიანები არიან “ძლიერი საქართველოს” დამფუძნებლები და ლიდერები და სწორედ ასეთ ლიდერებს უნდა მისცეს ჩვენმა ამომრჩეველმა შანსი და დიახ, ეს არის შანსი, რომ ჩვენ ერთად ავაშენოთ ძლიერი ქვეყანა”, - აღნიშნა ხაზარაძემ.
მან მოქალაქეებს მიმართა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის „უნიკალური შანსი“ .
ორ დღეში ჩვენ გვაქვს უნიკალური მომენტი, რომ ყველა ერთად წავიდეთ და დავამარცხოთ ამ ქვეყანაში პირველ რიგში ნიჰილიზმი, დავამარცხოთ რუსული პოლიტიკა და ყველა ერთად დავუბრუნოთ ამ ქვეყანას ის არჩევანი, რომელიც გაკეთა ჩვენმა წინაპარმა, ის არჩევანი, რომელიც გააკეთეთ თქვენ, ის არჩევანი, რომელიც გვწერია კონსტიტუციაში და ეს არჩევანი არის ევროპული არჩევანი და იცით რატომ? იმიტომ, რომ ევროპული არჩევანი არის ეროვნული არჩევანი. ჩვენ ვართ ევროპული ქვეყანა, ძირძველი ერი ვართ და სწორედ იმ სივრცეში ვართ ჩვენ გარანტირებულად მშვიდობით, რელიგიის დაცვით, მამულის და ჩვენი ტერიტორიების დაცვით და სტაბილურობით, აი ეს არის ის ადგილი. ყველას მოგიწოდებთ ორ დღეში შევიკრიბოთ, გადავდოთ ყველაფერი და ეს ისტორიული გამოცდა ჩავაბაროთ ერთად. მთელ მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ, რომ ქართულ სულთან ერთად ჩვენს გულებში ძგერს ევროპული სულიც”, -განაცხადა ხაზარაძემ.
0
0