24/10/2024
15:58
არჩევნები 2024
ხელისუფლებისთვის დახურულია ყველა ცივილიზებული, დემოკრატიული, ნორმალური სახელმწიფოს კარი. მათთვის ღია დარჩა მხოლოდ „ჰეზბოლას“, „ჰამასის“ და კრემლის ოფისები. ახლა ის არის დარჩენილი ქართველი ხალხის ნებისა და საერთაშორისო საზოგადოების წინააღმდეგ და ყველაფერი ამის შედეგად, მან დაკარგა ნორმალური განსჯისა და ლოგიკურად ქცევის შესაძლებლობა. ამიტომ, მინდა, ჩემი სოლიდარობა გამოვხატო იმ მკვლევრების, ჟურნალისტების, აქტივისტების მიმართ, რომელთა წინააღმდეგ ისინი ახლა ატარებენ ჩხრეკებს და ცდილობენ დააშინონ ეს ადამიანები, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან „ქართული ოცნების“ მოქმედებებს დასკვნითი აქტის აბსურდი უწოდა და საზოგადოებას სიმტკიცისკენ მოუწოდა.
„2023 წლის გაზაფხულზე ხელისუფლებამ დაკარგა მხარდაჭერა თბილისში, 2024 წლის გაზაფხულზე მან დაკარგა მხარდაჭერა საქართველოს ყველა დიდ ქალაქში. მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს მას საბოლოოდ გამოეცალა მხარდაჭერა საქართველოს ყველა რეგიონში, მან დაკარგა მხარდაჭერა საქართველოს საჯარო სექტორში და მათ შორის იმ ადამიანებში, რომლებიც გუშინ ჰყავდა თავის შეკრებაზე ჩამოყვანილი. ამასთანავე, საკუთარი მტრული და ანტიდემოკრატიული პოლიტიკით, მათ დაკარგეს საერთაშორისო მხარდაჭერა და მოექცნენ საერთაშორისო იზოლაციაში. მათთვის დახურულია ყველა ცივილიზებული, დემოკრატიული ნორმალური სახელმწიფოს კარი. მათთვის ღია დარჩა მხოლოდ „ჰეზბოლას“, „ჰამასის“ და კრემლის ოფისები. ახლა ის არის დარჩენილი მარტო ქართველი ხალხის ნებისა და საერთაშორისო საზოგადოების წინააღმდეგ და ყველაფერი ამის შედეგად, მან უკვე დაკარგა ნორმალური განსჯის უნარი და დაკარგა ლოგიკურად ქცევის შესაძლებლობა. ამიტომ, მე მინდა, ჩემი სოლიდარობა გამოვხატო იმ მკვლევრების, იმ ჟურნალისტების, იმ აქტივისტების მიმართ, რომელთა წინააღმდეგ ისინი ახლა ატარებენ ჩხრეკებს და ცდილობენ დააშინონ ეს ადამიანები. ისინი იქცევიან რუსული თამაშის წესებით, სადაც სიმართლის თქმა ითვლება დანაშაულად, რუსული კანონებით, სადაც სამოქალაქო საზოგადოება მიიჩნევა მტრად. ახლა ისინი ცდილობენ, შეაშინონ ყველა დანარჩენი, მაგრამ მათ ეშლებათ მთავარი რამ, მათ ეშლებათ ის, რომ ეს არ არის რუსეთი და რომ ეს არის საქართველო, ეს არის ქართველი ხალხი და ქართველი ერი - ერი, რომელიც, როდესაც მის წინაშე დგებოდა არჩევანი მორჩილებასა და მონობას, ერთი მხრივ, და მეორე მხრივ, თავისუფლებას შორის, ყოველთვის ირჩევდა თავისუფლებას, ყოველთვის იბრძოდა ამისთვის. მე მინდა მოვუწოდო ყველა მოქალაქეს, ყველა კოლეგას- იყავით მტკიცედ, ნუ შეგაშინებთ „ქართული ოცნების“ დასკვნითი აქტის აბსურდი და ამ აბსურდული მოქმედებების! ჩვენ დავიცავთ ყველა მართალ ადამიანს, ყველა მართალ მოქალაქეს და დავიცავთ ყველა თქვენს ხმას. გამარჯვებამდე დარჩენილია 2 დღე და სულ მალე ჩვენ ვიზეიმებთ ამ სამარცხვინო ხელისუფლების მმართველობიდან ჩამოცილებას.“- განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.
0
0