16/09/2024
11:51
მსოფლიო
მიანმარში, ტაიფუნ „იაგის“ შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას და ღვარცოფს 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც ქვეყნის მმართველ ხუნტას პრესპიკერმა, ზავ მინ ტუნმა, განაცხადა, 113 ადამიანის გარდაცვალება დადასტურდა, 64 კი - უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. თუმცა რეგიონული ცნობების მიხედვით, დაღუპულთა რეალური რიცხვი შესაძლოა უფრო მეტი იყოს. იმავდროულად, დროებით თავშესაფრებში 320,000-ზე მეტი ადამიანი იძულებით გადაიყვანეს.
აზიის ყველაზე ძლიერმა ქარიშხალმა ვიეტნამი, ლაოსი, ჩინეთის კუნძული ჰაინანი და ფილიპინები მოიცვა. მიანმარის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ სტიქიამ დაანგრია 66,000 სახლი, 375 სკოლა და მონასტერი, რამდენიმე კმ მონაკვეთზე დააზიანა გზა და სხვა ინფრასტრუქტურა. მიანმარის ინფორმაციის სამინისტროს განცხადებით, წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ რაიონებში მობილიზებულნი არიან სასწრაფო დახმარებისა და ჯანდაცვის მუშაკები და მოსახლეობის ევაკუირებისთვის უზრუნველყოფილია საკვები და სასმელი წყალი.
მეცნიერების თქმით, ტაიფუნები და ქარიშხლები კლიმატის ცვლილებასთან ერთად უფრო ძლიერი და ხშირი ხდება. ოკეანის წყლების გათბობის შედეგად, ქარიშხალი უფრო ინტენსიური ხდება, რაც განაპირობებს ქარის მაღალ სიჩქარეს. მომდევნო კვირაში, წყნარ ოკეანეში კიდევ ერთი ტროპიკული ციკლონია მოსალოდნელი.
0
0