10/07/2024
13:23
სპორტი
2007 წელს, ლიონელ მესიმ, საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ სტადიონის „კამპ ნოუს“ გასახდელში, საქველმოქმედო კალენდრის ფოტოსესიისთვის 4 თვის ჩვილთან ერთად ფოტო გადაიღო. მესი, რომელიც იმ დროს 20 წლის იყო, საფეხბურთო კარიერაში უკვე სახელს იხვეჭდა. ფოტოგრაფმა არც კი იცოდა, რომ 4 თვის ჩვილიც [ლამინ იამალი] 17 წლის შემდეგ ფეხბურთის სამყაროს გააოცებდა.
როგორც Associated Press-ი წერს, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში, ლამინ იამალმა საფრანგეთის ნაკრებს ულამაზესი გოლი გაუტანა, რომელზეც ათწლეულების განმავლობაში ისაუბრებენ.
მესისა და იამალის დიდი ხნის დავიწყებული ფოტოები მას შემდეგ გამოჩნდა, რაც, გასულ კვირას, იამალის მამამ ისინი Instagram-ზე გამოაქვეყნა, წარწერით: „ორი ლეგენდის დასაწყისი“. ფოტოები Associated Press-ის დამოუკიდებელმა ფოტოგრაფმა ჯოან მონფორტმა გადაიღო.
„ფოტოები მაშინ გადავიღე, როდესაც Unicef-ი ფოტო-გათამაშებას ქალაქ მატაროში ატარებდა, სადაც ლამინის ოჯახი ცხოვრობდა. ისინი [ლამინის ოჯახი] გათამაშებაში დარეგისტრირდნენ, რათა "კამპ ნოუზე", „ბარსას“ მოთამაშესთან ერთად, ფოტო გადაეღოთ... და მათ გაიმარჯვეს.
მესი საკმაოდ ინტროვერტული პიროვნებაა, ის მორცხვია. მესი გასახდელი ოთახიდან გამოდიოდა და უცებ სხვა გასახდელში აღმოჩნდა, სადაც ის, წყლით სავსე პლასტმასის ტაშტში, ბავშვს აბანავებს. მისთვის ეს რთული პროცესი იყო. თავდაპირველად, არც კი იცოდა, ხელში როგორ დაეჭირა ჩვილი. ეს ბავშვი რომ იამალი იყო მხოლოდ მაშინ მივხვდი, როდესაც, გასულ კვირას, ფოტო ვირუსულად გავრცელდა და ასეთი სენსაცია გამოიწვია. ეს ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნო გრძნობაა", - განუცხადა მონფორტმა Associated Press-ს.
„მესის მსგავსად, იამალმაც ბარსელონაში განაგრძო კარიერა, სადაც ის, კლუბის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა სტარტერი და ბომბარდირი, ასევე ესპანეთის ლიგის ყველაზე ახალგაზრდა ბომბარდირი გახდა,“ - წერს Associated Press-ი.
0
0