10/12/2022
11:55
სპორტი
ნიდერლანდებთან მეოთხედფინალში გამარჯვების შემდეგ, არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ ჯერ გამარჯვება იზეიმა, შემდეგ კი მეტოქის მთავარ მწვრთნელთან მივიდა. ჟურნალისტების ინფორმაციით, მესიმ ლუი ვან გაალს ჰკითხა: „აბა, შეძელი ჩემი შეჩერება?“ და სახასიათო ჟესტიც დაურთო თან.
შემდეგ მესი ინტერვიუს მისაცემად წავიდა და მედიასთან გააგრძელა ნიდერლანდების დამრიგებლის კრიტიკა:
„ვან გაალი თვალებში ნაცარს აყრის ყველას, როცა ამბობს, რომ მხიარულ ფეხბურთს თამაშობს. სინამდვილეში, ისინი უბრალოდ მაღალ ფეხბურთელებს უშვებენ საჯარიმოში და იქ ბურთს აგდებენ“.
გარდა ამისა, არგენტინის ნაკრების კაპიტანმა მსაჯებსაც შეუტია:
„მსაჯმა მინდორი დახარა. მათ უნდოდათ, რომ მოწინააღმდეგეს ანგარიში გაეთანაბრებინა. საქმე მხოლოდ დამატებულ 10 წუთში არ არის. არ ვილაპარაკებ მსაჯებზე, რადგან სამართლიანი ვერ ვიქნები – ამის გამო აჯარიმებენ“.
როცა მესი დამშვიდდა, მან ახსნა, რატომ მისცა თავს ამდენი ემოციის უფლება:
„გაბრაზებული ვიყავი იმის გამო, რომ ისეთმა გამოცდილმა მწვრთნელმა, როგორიც ვან გაალია, თავს უფლება მისცა უპატივცემულობა გამოეხატა. ის მიუღებელ რამეებს ამბობდა არგენტინის ნაკრების მისამართით. მათი მწვრთნელი პატივს არ გვცემდა. მე მეტოქის მიმართ ყოველთვის პატივისცემას გამოვხატავ, მაგრამ ისიც მომწონს, როცა მეც პატივს მცემენ. მათ კი ასეთი დამოკიდებულება არ ჰქონდათ“.
როგორც ცნობილია, მეოთხედფინალში არგენტინამ პენალტების სერიით ნიდერლანდები დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ხორვატიის ნაკრებს შეხვდება.
წყარო: საქართველოს პირველი არხი
0
0