06/11/2024
14:27
პოლიტიკა
მორიგი დეზინფორმაცია და ტყუილი ივანიშვილის პროპაგანდისტული არხების მხრიდან - ძალიან სამწუხაროა, რომ ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებს რუსული პროპაგანდისთვის იყენებს, - ასე უპასუხა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ ის აშშ-ს პრეზიდენტობის არჩევნებში გამარჯვებულ დონალდ ტრამპს „ოლიგარქს“ და „რუსეთუმეს“ უწოდებს.
ბოკუჩავას განმარტებით, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში, ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა ივანიშვილის წინააღმდეგ ძალიან მკაცრი იქნება.
„თუ თქვენი არხის საშუალებით თქვენს მაყურებელს იმის შესაძლებლობას მისცემთ, რომ სიმართლე გაიგონ, სიმართლე მდგომარეობას იმაში, რომ მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო რესპუბლიკური პარტიის კონგრესზე დაპატიჟებული, სადაც დონალდ ტრამპის დასახელება მოხდა კანდიდატად, მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ პირადად მის გუნდთან ესაუბრა, რომელიც ახლა სავარაუდოდ, მისი ადმინისტრაციის წევრები გახდებიან, მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს მოიხსენიებდა დონალდ ტრამპი პირად მეგობრად, რომელმაც საქართველოში ჩამოიყვანა ის და მნიშვნელოვან, მსხვილ ინვესტიციაზე იყო შეთანხმება, რომ არა ივანიშვილის ანტიდასავლური, ანტიამერიკული და პრორუსული ხელისუფლება. ასე, რომ მერწმუნეთ, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში, ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა ივანიშვილის წინააღმდეგ ძალიან მკაცრი იქნება განსაკუთრებით, მათ შორის, იმ ფონზე, რომ არამხოლოდ პრორუსულია ივანიშვილი, არამედ, მან საქართველოს სტრატეგიული მეგობრები ჩაანაცვლა, მათ შორის, ამერიკა ისეთი სახელმწიფოებით, როგორიცაა ჩინეთი, ირანი და თანამშრომლობს ტერორისტულ ჯგუფებთან, სადაც „სიკვდილი ამერიკას“ - სკანდირებენ ირაკლი კობახიძის თანდასწრებით“, - განაცხადა ბოკუჩავამ.
0
0