27/10/2023
12:06
მედიცინა
ბრაზილიაში, მსოფლიოში კოკაინის მეორე უდიდეს მომხმარებელ ქვეყანაში, მეცნიერები იუწყებიან, რომ შექმნეს ამ ნარკოტიკზე დამოკიდებულების სამკურნალო ახალი, ინოვაციური საშუალება — ვაქცინა.
სატესტო ვაქცინამ, სახელად Calixcoca, ცხოველებზე ჩატარებულ ცდებში იმედის მომცემი შედეგები აჩვენა — გამოიწვია იმუნური პასუხი, რომელმაც კოკაინი დაბლოკა და თავის ტვინამდე მიღწევის საშუალება არ მისცა; მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ მომხმარებლებს ეს დამოკიდებულების ციკლის დარღვევაში დაეხმარება.
მარტივად რომ ვთქვათ, დამოკიდებულები ნარკოტიკის ეფექტს ვეღარ მიიღებენ.
„თუ პრეპარატმა მარეგულირებლისგან მწვანე შუქი მიიღო, ის კოკაინზე დამოკიდებულების სამკურნალო პირველი ვაქცინა იქნება“, — ამბობს ფსიქიატრი ფრედერიკო გარსია, მინას-ჟერაისის ფედერალური უნივერსიტეტის იმ ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელმაც პრეპარატი შექმნა.
გასულ კვირაში პროექტმა გაიმარჯვა კონკურსს Euro Health-ში ლათინური ამერიკის მედიცინის ინოვაციებისთვის და 500 000 ევრო მიიღო. კონკურსის სპონსორია ფარმაცევტული კომპანია Eurofarma.
ვაქცინა პაციენტის იმუნურ სისტემას აწარმოებინებს ანტისხეულებს, რომლებიც სისხლის მიმოქცევაში კოკაინის მოლეკულებს ბოჭავს და ზომაში იმდენად ზრდის, რომ შეუძლებელია მათ თავის ტვინის მეზოლიმბურ სისტემაში შეაღწიონ, ე. წ. ჯილდოს ცენტრში, სადაც ნარკოტიკი ასტიმულირებს სიამოვნების გამომწვევი დოფამინის მაღალ დონეს.
ასეთი კვლევები აშშ-შიც არის ჩატარებული — მსოფლიოში კოკაინის მომხმარებელ ყველაზე დიდ ქვეყანაში, როგორც ამას გაეროს ნარკოტიკებისა და კრიმინალის ოფისი მიუთითებს. თუმცა, გარსიას განცხადებით, ეს კვლევები მაშინ შეწყდა, როცა კლინიკურ ცდებში საკმარის შედეგს ვერ მიაღწიეს.
Calixcoca ეფექტიანი აღმოჩნდა ცხოველებში — წარმოქმნა კოკაინის საწინააღმდეგო ანტისხეულთა საკმარისი დონე და ცოტა ჰქონდა გვერდითი ეფექტები.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ვაქცინამ კოკაინისგან დაიცვა ნაყოფიც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის ადამიანებში შეიძლება მუცლადმყოფ ჩვილთა დასაცავადაც გამოდგეს ორსულ დამოკიდებულებში.
ვაქცინას ამჟამად ადამიანებზე ცდების დასაწყებად ამზადებენ.
გარსია აღნიშნავს, რომ Calixcoca-მ შეიძლება შეცვალოს ნარკოდამოკიდებულების მკურნალობის გზები.
„ამჟამად არ არსებობს კოკაინის მკურნალობისა და დამოკიდებულების მოხსნის რეგისტრირებული პრეპარატი. ვიყენებთ ფსიქოლოგიური კონსულტაციის, სოციალური დახმარებისა და რეაბილიტაციის კომბინაციას“, — ამბობს მკვლევარი.
ვაქცინა ეფუძნება ლაბორატორიაში შექმნილ ქიმიურ ნაერთს და არა ბიოლოგიურ ინგრედიენტებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოება უფრო იაფი იქნება, ვიდრე სხვა მრავალი ვაქცინის და არ არის საჭირო მისი დაბალ ტემპერატურაზე შენახვა.
თუმცა, გარსია აღნიშნავს იმასაც, რომ ის „პანაცეა“ ვერ იქნება. ზუსტი სამიზნე ჯგუფი კლინიკური ცდების შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
გარსიას განცხადებით, მათი მიზანი „სამწუხარო სტატისტიკის“ შეცვლაა. გაეროს მონაცემებით, კოკაინის ყოველი ოთხი რეგულარული მომხმარებლიდან ერთი დამოკიდებული ხდება.
ოთხი დამოკიდებულიდან მხოლოდ ერთი ახერხებს ნარკოტიკის გადაგდებას ხუთწლიანი მკურნალობის შემდეგ.
ახალი ვაქცინისადმი მოლოდინი დიდია. გარსიას ჯგუფს უკვე დაუკავშირდა კლინიკურ ცდებში მონაწილეობის მსურველი 3000-ზე მეტი მოხალისე.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.
0
0