18/12/2023
19:11
კულტურა
რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ფედერალურმა სამსახურმა მწერალი ბორის აკუნინი (ნამდვილი სახელი გრიგორი ჩხარტიშვილი) ტერორისტებისა და ექსტრემისტების რეესტრში შეიყვანა.
რამდენიმე დღით ადრე აკუნინთან და კიდევ ერთ მწერალთან, დმიტრი ბიკოვთან ურთიერთობა გაწყვიტა მსხვილმა გამომცემლობამ АСТ-მა.
აკუნინი დეტექტიური რომანების ცნობილი ავტორია. იგი 2014 წლიდან, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს. რუსეთის უკრაინაში განახლებული შეჭრის ფონზე მწერალი ჰუმანიტარულ კამპანიებშია ჩართული, რომელიც უკრაინელ ლტოლვილებს ეხმარება.
მწერალმა უკრაინაში რუსეთის შეჭრას "პუტინის უკანასკნელი თამაში" უწოდა.
"მე ვარ ქართველი, მაგრამ რუსი მწერალი. მე მიყვარს რუსეთი. ჩემთვის აუტანელია იმის ხილვა თუ რა ემართება მას ახლა, მაგრამ უფრო მძიმეა იმის ყურება, რასაც რუსეთი უკრაინას უკეთებს. სწორედ ამას ვგრძნობდი 2008 წელს, როდესაც რუსეთი საქართველოს თავს დაესხა.
გემუდარებით უკრაინელებს, ქართველებს, ყველას, გახსოვდეთ – პუტინის სახელმწიფო და რუსეთი არ არის ერთი და იგივე. რუსეთი დაპყრობილია ბანდიტების ერთი დაჯგუფების მიერ, ის ტყვეობაშია. არსებობს მეორე, ნამდვილი რუსეთი – ის ცოცხალია, ის იბრძვის და ერთხელაც გადააგდებს ამ დანაშაულებრივ რეჟიმს, რომელიც ტყუილზე და შიშზე დგას". – თქვა აკუნინმა 2022 წლის მარტში.
0
0