25/10/2024
14:28
მსოფლიო
BRICS-ის სამიტის ფარგლებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პრესკონფერენციაზე სხვადასხვა საკითხებთან ერთად, უკრაინაში ომზეც ისაუბრა. მას არაერთი კითხვა დაუსვეს იმის შესახებ, თუ როგორია BRICS-ის პოზიცია კონფლიქტის თემაზე.
"BRICS-ში ყველას სურს კონფლიქტის დასრულება, რაც შეიძლება სწრაფად. თქვენ იცით, რომ ჩინეთმა და ბრაზილიამ ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის დროს წამოაყენეს ინიციატივა. რუსული არმია ახლა ყველა მიმართულებით თავდაჯერებულად მოქმედებს, ეს ცნობილია და ამას არავინ უარყოფს, ისინი წინ მიიწევენ ფრონტზე ყველა მიმართულებით", - აცხადებს პუტინი.
მისივე თქმით, მოსკოვი ღიაა ნებისმიერი მხარის სამშვიდობო ინიციატივის მიმართ. პუტინმა ასევე ისაუბრა მოლაპარაკებების დაწყების "საიდუმლო წინადადებაზე:, რომელიც მისი თქმით, კრემლში მიიღეს თურქი დიპლომატების მეშვეობით.
"მე დავთანხმდი, ვთქვი, - "კარგი, ჩვენ თანახმა ვართ“. უკრაინის ხელმძღვანელობა აშკარად არ იყო მზად მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისთვის", - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.
მანვე აღნიშნა, რომ ამის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ წარადგინა "გამარჯვების გეგმა", რომელმაც პუტინის აზრით, ჩაშალა მოლაპარაკების შესაძლებლობა.
"სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება გამოიწვევს საომარი მდგომარეობის მოხსნას და ამის შემდეგ დაუყოვნებლივ იქნება საჭირო საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება უკრაინაში. როგორც ჩანს, ჯერ მზად არ არიან. ბურთი მათ მოედანზეა“, - ამბობს ვლადიმერ პუტინი და დასძენს, რომ რუსეთი მზად არის მოლაპარაკებისთვის და მზად არის, რომ განიხილოს "სამშვიდობო შეთანხმების ნებისმიერი ვარიანტი", რომელიც უნდა ეფუძნებოდეს "ადგილზე არსებულ ვითარებას".
ცნობისთვის, პუტინს არ დაუკონკრეტებია უკრაინისგან მიღებული სამშვიდობო წინადადების ხასიათი.
0
0