23/10/2024
21:21
არჩევნები 2024
„მოგესალმებით თბილისელებო, მოგესალმებით ჩვენო თანამებრძოლებო, მივესალმები ყველასგან გამორჩეულ ჩვენს დედაქალაქს. მივესალმები ჩვენი რეგიონებიდან ჩამოსულ ჩვენს ძმებსა და დებს, ჩვენს ერთგულ მხარდამჭერებს. მინდა მადლობით დავიწყო ჩემი გამოსვლა იმისთვის, რომ დღეს, საარჩევნო კამპანიის ბოლო შეხვედრაზე ამდენი ხალხი შევიკრიბეთ“-ასე მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე თბილისში შეკრებილ მოსახლეობას.
პარტიის თავმჯდომარემ 2012 წელი გაიხსენა, როცა თავისუფლების მოედანზე მოედანზე ასეულობით ათასი პატრიოტი იყო შეკრებილი.
მისივე თქმით, ახლაც იგივე შემართებას ხედავს, რაც არის იმის გარანტი, რომ 26 ოქტომბერს ისევ ერთად, ღირსეულად, სამართლიანად და დამაჯერებლად გაიმარჯვებს.
„მახსენდება 2012 წელი, როცა ზუსტად აქ, ამ მოედანზე ასეულობით ათასი პატრიოტი ვიდექით. მაშინ სისხლიან მჩაგვრელ რეჟიმს და მათ უცხოელ მფარველებს უპრეცედენტო ერთიანობა და ძალა ვუჩვენეთ და მთელს მსოფლიოს ვუჩვენეთ, თუ სად დგას ქართველი ხალხი და ყველას დავანახეთ, რომ ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ ვერავინ ვერ წავა. რა თქმა უნდა, 2012 წლის 1 ოქტომბრის ისტორიული გამარჯვება ქართველ ხალხთან ერთად მისი მთავარი შემოქმედის, ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, სამაგალითო პატრიოტისა და ნამდვილი მებრძოლი კაცის, ბიძინა ივანიშვილის წინამძღოლობით იქნა მიღწეული. და დღესაც, მისი ლიდერობით იგივე შემართებას ვხედავთ, რაც არის იმის გარანტი, რომ 26 ოქტომბერს ჩვენ ისევ ერთად, ღირსეულად, სამართლიანად და დამაჯერებლად გავიმარჯვებთ“-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
0
0