30/09/2023
12:55
სპორტი
რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები მესამე შეხვედრას ფიჯის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი ბორდოში 30 სექტემბერს გაიმართება და 19:45 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
შეხვედრას გუნდებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ფიჯის ნაკრები C ჯგუფში მეორე ადგილზეა და მეოთხედფინალში გასვლის კარგი შანსი აქვს, საქართველო კი შეეცდება, ჯგუფურ ეტაპზე მესამე ადგილისთვის იბრძოლოს, რაც მომავალ მსოფლიო თასზე ავტომატურად თამაშის შესაძლებლობას მისცემს.
„ბორჯღალოსნებმა“ საფრანგეთში ორი მატჩი ჩაატარეს და ჯერჯერობით მოგების გარეშე არიან – პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ავსტრალიასთან დამარცხდა (15:35), ერთი კვირის წინ კი პორტუგალიასთან ფრედ ითამაშა (18:18).
ქართველი მორაგბეების მესამე მეტოქე, ფიჯის ნაკრები მსოფლიო თასზე მეცხრედ თამაშობს. მან მხოლოდ ერთი, 1995 წლის ჩემპიონატი გამოტოვა, ორჯერ კი მეოთხედფინალში (1987 და 2007 წლებში) გავიდა და წელს ამ შედეგის გამეორების კარგი შანსი აქვს.
საქართველოს ნაკრებს ფიჯისთან ექვსჯერ უთამაშია და მხლოდ ერთი მოგება აქვს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა, ოთხში კი გამარჯვება კუნძულელებს დარჩათ.
დღევანდელ შეხვედრას საქართველოს ნაკრები დანაკლისით ხვდება, ტრავმების გამო გუნდს ბექა გორგაძე, ლუკა ჯაფარიძე (ისინი მსოფლიო თასზე ვეღარ ითამაშებენ) და გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე დააკლდებიან. მის არყოფნაში ნაკრებს მიხეილ ნარიაშვილი უკაპიტნებს.
0
0