11/11/2024
13:19
მსოფლიო
აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე მზარდი გავლენის მიუხედავად, დიდი ალბათობით ილონ მასკი ტრამპის ადმინისტრაციაში პოსტს არ დაიკავებს. ამის შესახებ CNN-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მასკს ხარჯების შემცირების ეფექტიანობის კომისიის ხელმძღვანელობა შესთავაზეს, თუმცა წყაროები ამბობენ, რომ საკუთარ კომპანიებთან ინტერესთა კონფლიქტის გამო, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მასკი ამ შეთავაზებას დათანხმდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მასკი შესაძლოა მრჩეველთა კომიტეტში დაინიშნოს. ამასთან, ტრამპთან მის ახლო ურთიერთობას ადასტურებს რეგულარული შეხვედრები, მათ შორის საკადრო გადაწყვეტილებებში მონაწილეობა და პირადი საუბრები.
ფედერალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის, მასკმა თითქმის 119 მილიონი დოლარი შესწირა პოლიტიკური სამოქმედო კომიტეტს, რომელიც მან ტრამპის მხარდასაჭერად შექმნა. ის ასევე გამოჩნდა ტრამპთან ერთად მიტინგებზე და უმასპინძლა მასთან მეგობრულ ინტერვიუს X-ზე, მის სოციალურ მედია პლატფორმაზე.
ტრამპზე დადებულმა დიდმა ფსონმა მასკს დივიდენდები თითქმის მყისიერად მოუტანა. არჩევნების მეორე დღეს Tesla-ს აქციები თითქმის 15%-ით გაიზარდა. ამან 411 მილიონი აქციის ღირებულება, რომელსაც მასკი ფლობს, 15 მილიარდით გაზარდა.
0
0