15/04/2024
12:37
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2024 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 278.5 მლნ აშშ დოლარი, ანუ 746.8 მლნ ლარი შეადგინა, რაც 36.5%-ით, 160.0 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია 2023 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ცენტრალური ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.2% იმ 24 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა მარტში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 24 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 97.3% მოდიოდა.
გზავნილების სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა – 53.00 მილიონი აშშ დოლარი რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა, მეორე ადგილზეა იტალია 46.67 მილიონი აშშ დოლარით, მესამე ადგილს 44.76 მილიონი აშშ დოლარით აშშ იკავებს, ხოლო მეოთხე ადგილზეა ისრაელი 21.10 მილიონი აშშ დოლარით, მეხუთე ადგილზე კი – საბერძნეთი 20.96 მილიონი აშშ დოლარით.
2024 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 29.3 მლნ აშშ დოლარი, ანუ 78.6 მლნ ლარი გადაიგზავნა, რაც 2023 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.8%-ით ნაკლებია.
0
0