20/10/2024
17:36
საზოგადოება
მარშის "საქართველო ირჩევს ევროკავშირს" მონაწილეები თბილისში ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე იკრიბებიან. მარშიც მონაწილეთა ნაწილმა შეკრება უკვე დაიწყო გმირთა მოედანზე. მათ ადგილზე საქართველოს დროშები აქვთ მოტანილი.
აქციის მონაწილეების შეკრების პარალელურად, გმირთა მოედანზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებიც არიან მობილიზებული.
ასევე, მარშის მონაწილეებს 17:00 საათზე, პარტია „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და ლიდერები შეუერთდებიან, რომლებიც შემდეგ თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით გადაინაცვლებენ, სადაც უკვე მოწყობილია სცენა. ორგანიზატორების ინფორმაციით, იგეგმება სიტყვით გამოსვლები, არსებული ინფორმაციით, შეკრებილებს სიტყვით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
„ეს კულმინაციის მომენტია, ჩვენ კარგად ვიაზრებთ 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობას, ეს არის რეფერენდუმი თავისუფალ, ევროკავშირის წევრ ქვეყანასა და რუსეთის მონობაში მყოფ სახელმწიფოს შორის. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ივანიშვილსა და ჩვენი ქვეყნის მტრებს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ. ხელისუფლება არჩევნებამდე 6 დღით ადრე საზოგადოებისგან გზავნილს მიიღებს, რომ ისინი არჩევნების გზით ჩამოშორდებიან ხელისუფლებას“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მოქალაქეები დედაქალაქში კიდევ 4 სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბებიან. კერძოდ, 17:00 საათიდან მარშის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე, გმირთა მოედანზე, 300 არაგველის ობელისკის (ორთაჭალა) ტერიტორიაზე, მარჯანიშვილის მოედანზე, ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთაზე (მთაწმინდა) შეიკრიბებიან და მსვლელობით თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლებენ, სადაც შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება. როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მარშს „საქართველო ირჩევს ევროპას“ შეუერთდება.
0
0