27/08/2023
22:12
სპორტი
2023 წლის ფორმულა 1-ის სეზონის მე-13 რბოლა, რომელსაც ნიდერლანდებმა უმასპინძლა, „რედ ბულის“ პილოტის, მაქს ფერსტაპენის გამარჯვებით დასრულდა.
ნიდერლანდელი პილოტისთვის ეს გამარჯვება ზედიზედ მეცხრეა მიმდინარე სეზონში. ამ მაჩვენებლით ის ლეგენდარულ პილოტებს, სებასტიან ფეტელსა და ალბერტო ასკარის გაუთანაბრდა.
ფერსტაპენის სამშობლოში ჩატარებული გრანპრის დასკვნითი ღონისძიება, რბოლა გარდამავალი ამინდის ფონზე მიმდინარეობდა. გუნდებს ხან მშრალი ამინდის საბურავების გამოყენება უხდებოდათ, ხან – წვიმიანის.
65-ე წრეზე „ალფა რომეოს“ ჩინელი პილოტი გუან ჟოუ ბარიერს შეეჯახა და რბოლა დროებით შეჩერდა. განახლების შემდეგაც ფერსტაპენს მანამდე მოპოვებული ლიდერობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია. მეორე ადგილზე 42 წლის ესპანელი ფერნანდო ალონსო გავიდა, ხოლო მესამე პოზიცია პიერ გასლის დარჩა. აღსანიშნავია, რომ „ალპინის“ ფრანგი პილოტი გასლი ნიდერლანდების გრანპრის მთავარ ღონისძიებას მე-12 ადგილიდან იწყებდა.
ამრიგად, თუ მაქს ფერსტაპენი მომდევნო რბოლასაც მოიგებს, ფორმულა 1-ის აბსტოლუტური რეკორდსმენი გახდება ზედიზედ ათ გრანპრიზე მოპოვებული გამარჯვებით.
რაც შეეხება უშუალოდ „რედ ბულს“, ავსტრიულმა გუნდმა მიმდინარე სეზონში ყველა რბოლა მოიგო. 2-ჯერ პირველობა პერესს დარჩა, ხოლო 11-ჯერ – ფერსტაპენს.
ფორმულა 1-ში მორიგი ეტაპი იტალიაში, მონცას ისტორიულ ტრასაზე ჩატარდება.
წყარო: საქართველოს პირველი არხი
0
0