10/06/2023
10:09
სპორტი
გიორგი მამარდაშვილს „სევილიაში“ იწვევენ, მაგრამ ეს ტრანსფერი იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ გუნდს მაროკოელი მეკარე იასინ ბონო დატოვებს – ინფორმაციას Diario de Sevilla ავრცელებს.
„გიორგი მამარდაშვილი ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელია. მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხით ოფიციალური შეთავაზება არ არსებობს, უკვე საუბრობენ „სევილიის“ დაინტერესებაზე – თუ გუნდს მეკარე ბონო დატოვებს, „ვალენსიის“ მეკარე შეძლებს ევროპალიგის გამარჯვებულ გუნდში გადასვლას“, – ამტკიცებს Diario de Sevilla.
ქართველით ასევე „ჩელსი“, „ტოტენჰემი“, „ვილიარეალი“, მადრიდის „ატლეტიკო“ და „პორტუ“ ინტერესდებიან – ეს უკვე eldesmarque-ს ინფორმაციაა.
„ქართველის გადასაბირებლად ინგლისელები ფსონს ზრდიან, ამიტომ „სევილიამ“ უნდა იჩქაროს. როგორც ჩანს, „ჩელსი“ და მისი ახალი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო მამარდაშვილით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც ლონდონელთა მეკარეებმა სეზონი სტაბილურად ვერ ჩაატარეს. ყოველ შემთხვევაში, ვარაუდობენ, რომ „ვალენსიაში“ ქართველის დრო იწურება, მისი აგენტი ლევან სეთურიძე გიორგის ტრანსფერზე თვეების განმავლობაში მუშაობს და შეთავაზებები მატულობს.
გიორგის სასტარტო შემადგენლობაში ადგილს „ტოტენჰემი“ სთავაზობს. გუნდმა გასული სეზონი ბოლო წლებში ყველაზე სუსტად ჩაატარა. ფრანგი მეკარე უგო ლორისი, სავარაუდოდ, გუნდში აღარ დარჩება. ბრიტანული პრესის ცნობით, მამარდაშვილის ტრანსფერი დაახლოებით 100 მილიონი ევრო ღირს, მაგრამ, სავარაუდოდ, გარიგება შედარებით მცირე თანხით მოხერხდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი მეკარის ტრანსფერით ასევე „ვილიარეალი“, მადრიდის „ატლეტიკო“ და „პორტო“ დაინტერესდნენ“, – წერს eldesmarque-ი.
0
0