20/08/2024
12:16
სპორტი
„ვალენსიამ“ გიორგი მამარდაშვილს „ლივერპულში“ გადასვლასთან დაკავშირებით ღია ულტიმატუმს წაუყენა, – ამის შესახებ ესპანური და ინგლისური მედია იუწყება.
ესპანური გამოცემა Gols Media ამტკიცებს, რომ „ლივერპული“ ახლოსაა არნეს სლოტის ეპოქის პირველ ტრანსფერთან. გიორგი მამარდაშვილის თაობაზე „ლივერპულის“ შეთავაზებული თანხა „ვალენსიას“ მოთხოვნას მიუახლოვდა, მაგრამ ესპანელებმა ქართველი მეკარის მენეჯერს ულტიმატუმი წაუყენეს.
„ლივერპულმაც“ ტრანსფერი რომ განახორციელოს, მამარდაშვილი „ენფილდზე“ 2025 წლამდე არ ჩავა, რადგან მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე ალისონი „ენფილდზეა“. „ბორნმუთი“ დაინტერესებული იყო მამარდაშვილის იჯარით, მაგრამ პრემიერ ლიგის წესებით კლუბს შეძენილი ლეგიონერის დაუყოვნებლივ გასესხების უფლება არ გააჩნია. ამიტომ „ბორნმუთს“ მოუწევს „ვალენსიასგან“ 23 წლის ფეხბურთელის იჯარით აყვანა – ოღონდ იმ პირობით, რომ მომავალ სეზონში ქართველი „ენფილდში“ ჩაირიცხება. ამ ჩახლართული გარიგების მიუხედავად, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მეკარის ასაყვანად „ლივერპულს“ „ვალენსიასთან“ საბოლოო შეთანხმება მაინც დასჭირდება. ამიტომ მამარდაშვილს მარტივი სიტყვებით აუხსნეს, ესპანური მხარე რას ელის.
„ვალენსიას“ მფლობელი პიტერ ლიმი 40 მილიონ ევროზე ნაკლებს არ თანხმდება. „ლივერპულის“ შეთავაზებულმა თანხამ კი 35 მილიონ ევროს მიაღწია, მაგრამ ლიმი კომპრომისზე წასვლას არ აპირებს და მამარდაშვილს და მის წარმომადგენლებს უთხრა, რომ ინგლისელებმა სწორედ 40 მილიონი უნდა გადაიხადონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ქართველი „ვალენსიაში“ მინიმუმ იანვრამდე დარჩება.
რა თქმა უნდა, მამარდაშვილისთვის ეს ულტიმატუმი ნაკლებად სასურველია, რადგან ეს საკითხი ახლა მის ხელშია. „ლივერპულმა“ უნდა გადაწყვიტოს მზად არის თუ არა გადაიხადოს მოთხოვნილი ფასი – სხვაგვარად, სლოტის ეპოქის პირველი ვარსკვლავური ტრანსფერიც შეიძლება ჩაიშალოს“, – წერს ესპანური გამოცემა Gols Media.
Liverpool.com კი ამტკიცებს, რომ „ლივერპული“ ტრანსფერისთვის ბოლომდე მზად არ არის: „თითქოს შეთანხმება შესაძლებელია. თუმცა, აშკარაა, რომ „ლივერპული“ არ არის მზად, ესპანელების მოთხოვნას დათანხმდეს. ამავე დროს, დაუსაბუთებელი არც ესპანელების დასახელებული თანხა ჩანს.
რა თქმა უნდა, სანამ ალისონი კარგი ფორმაშია, მამარდაშვილის დამატება გადაუდებელი არ ჩანს და „ლივერპულს“ საკუთარი პოზიციიდან ვაჭრობა შეუძლია, მაგრამ ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება სირცხვილი იქნებოდა“.
0
0