19/10/2024
13:18
მსოფლიო
კოშმარული სცენარი განვითარდა აშშ-ში, კენტუკის საავადმყოფოში. როგორც nypost თვითმხილველზე დაყრდნობით წერს, ორგანოების დონორმა საოპერაციო მაგიდაზე ზუსტად მაშინ გაიღვიძა, როდესაც ექიმები გულის ამოსაღებად ემზადებოდნენ.
შემთხვევა 2021 წლის ოქტომბერში მოხდა. წამლების გადაჭარბებული დოზის მიღების შემდეგ, თომას ტ.ჯ. ჰუვერი კენტუკის რიჩმონდ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ექიმების დიაგნოზით, მას “ტვინის სიკვდილი“ განუვითარდა. შემდეგ ჩაატარეს ტესტები იმის დასადგენად, ღირდა თუ არა მისი ორგანოების ამოღება.
ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც იმ დღეს ჰუვერის ორგანოების შენარჩუნება დაევალა, იყო ნატაშა მილერი. როგორც ის აცხადებს, 36 წლის ჰუვერი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როდესაც ექთნებმა ოთახში შეიყვანეს.
"ის მოძრაობდა. როდესაც იქ მივედით, დავინახე, რომ მას ცრემლები ჩამოსდიოდა. აშკარად ტიროდა“, - განუცხადა მილერმა NPR-ს.
ფაქტმა საოპერაციო ოთახში მყოფი რამდენიმე ადამიანი შოკში ჩააგდო და ორმა ექიმმა, რომლებსაც პროცედურების ჩატარება ევალებოდა, უარი თქვა მონაწილეობაზე.
მილერის თქმით, ყველაზე ტრაგიკული ის ფაქტი იყო, რომ მიუხედავად დონორის მდგომარეობისა, კენტუკის ორგანოების დონორთა საქმის კოორდინატორი არაეთიკური პროცედურის ჩატარებას სხვა ექიმებს სთხოვდა.
“კოორდინატორმა დაურეკა ხელმძღვანელს და ამბობდა, რომ “ამის გასაკეთებლად სხვა ექიმის პოვნა სჭირდებოდა,“ -განუცხადა მილერმა გამოცემას.
ინციდენტის შემდეგ ჰოსპიტალი რამდენიმე თანამშრომელმა დატოვა.
დონორის დის განცხადებით, მაშინ მას ექიმებმა უთხრეს, რომ ძმის მოძრაობა იყო რეფლექსური და ეს სიცოცხლის ნიშნებს არ წარმოადგენდა.
აღნიშნული ფაქტი უარყვეს კლინიკის წარმომადგენლებმა. თუმცა, კენტუკის შტატის გენერალური პროკურორის თქმით, გამომძიებლები საკითხს გამოიკვლევენ. ბრალდებებს ასევე იძიებს ფედერაციის ჯანმრთელობის რესურსებისა და სერვისების ადმინისტრაცია.
აღსანიშნავია ისიც, რომ საბოლოოდ ჰუვერი გადარჩა და ამჟამად თავის დასთან ერთად ცხოვრობს. მან გამოჯანმრთელება შეძლო, თუმცა ჯერ კიდევ აქვს გარკვეული პრობლემები მეხსიერებასთან, სიარულსა და ლაპარაკთან დაკავშირებით.
0
0