24/09/2024
11:04
მსოფლიო
სამხრეთ კორეელმა მამაკაცმა აღიარა, რომ 16 წლის წინ, თავისი შეყვარებული მოკლა და მისი ცხედარი ცემენტში დამარხა.
სამხრეთ კორეის ქალაქ გეოჯში, 50 წლის მამაკაცმა ადგილობრივ პოლიციას განუცხადა, რომ საკუთარ ბინაში კამათის დროს, მან ქალი ბლაგვი საგნის დარტყმით მოკლა, შემდეგ მისი ცხედარი ჩემოდანში მოათავსა, რომელიც აივანზე, აგურისა და ცემენტის ფენის ქვეშ დამარხა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ცხედარი ტექნიკურმა მუშაკმა, შემთხვევით, ბურღვის დროს აღმოაჩინა.
ცხედარი ნაწილობრივ დაუზიანებელი დარჩა ჩემოდანში და, თითის ანაბეჭდის ანალიზის შედეგად, დადგინდა, რომ ის 16 წლის წინ გაუჩინარებულ ქალს ეკუთვნის. ასევე, გაკვეთის შემდეგ დადგინდა, რომ ქალი თავის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული ტრამვის შედეგად გარდაიცვალა.
პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცი „A“ არ ცხოვრობდა ბინაში, როდესაც ცხედარი აღმოაჩინეს, თუმცა ეჭვმიტანილი მოკლე დროში იპოვეს და დააკავეს. მამაკაცმა პოლიციას განუცხადა, რომ ბინაში ქალთან ერთად ხუთი წელი ცხოვრობდა. ის ბინაში კიდევ რვა წელი დარჩა, 2016 წელს კი, ნარკოდანაშაულის ფაქტზე დააკავეს. მას შემდეგ ბინის მეპატრონე საცხოვრებელ ფართს საწყობად იყენებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახის წევრებსა და შვილს შორის კავშირი შეწყდა, თუმცა მოკლული ქალი დაკარგულად არ განუცხადებიათ. ინციდენტიდან 3 წლის შემდეგ, ისინი შვილის მოსაძებნად ქალაქ გეოჯში ჩავიდნენ, სადაც შეატყობინეს, რომ ქალი A-ს დაშორდა და ქალაქიდანაც წავიდა.
პოლიციის განცხადებით, გამოძიება გრძელდება და, სავარაუდოდ, მამაკაცს მკვლელობის ფაქტზე ბრალს წაუყენებენ.
0
0