29/05/2022
12:31
მსოფლიო
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას მას დონეცკის ოლქის მარიუპოლში, “აზოვსტალის” ქარხნის უკრაინელი დამცველების გათავისუფლება მოსთხოვეს. ამის შესახებ ელისეის სასახლის ვებგვერდი იუწყება.
შოლცმა და მაკრონმა პუტინს განუცხადეს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული ომის დასასრული “უნდა შეთანხმდეს მოსკოვსა და კიევს შორის უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით”.
ასევე, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვეს და პუტინს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირდაპირი მოლაპარაკებებისკენ მოუწოდეს.
“საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა მოითხოვეს “აზოვსტალის” 2500 დამცველის გათავისუფლება”, – ნათქვამია მაკრონის პრესსამსახურის განცხადებაში.
ამავდროულად, არც კრემლმა და არც გერმანიის მთავრობამ არ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამი ქვეყნის ლიდერებმა განიხილეს “აზოვსტალის” დამცველების გათავისუფლება.
0
0