16/06/2022
12:17
მსოფლიო
გუშინ თავდაცვის მინისტერიალის შეხვედრაზე ნატო-ს ყველა მოკავშირისგან და პარტნიორისგან იყო მხარდაჭერის ძლიერი გზავნილი, რომ ჩვენ მზად ვართ გრძელი გზისთვის, ნატო-ს მოკავშირეები მზად არიან, გააგრძელონ უკრაინისთვის არსებითი უპრეცედენტო მხარდაჭერის უზრუნველყოფა – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ლოიდ ოსტინთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი მადრიდის სამიტზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებს.
„მდივანო ოსტინ, ნება მიბოძეთ, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი პირადი ლიდერობისთვის, ნატო-სადმი, ტრანსატლანტიური ალიანსისადმი თქვენი მტკიცე ერთგულებისთვის და ჩვენს კოლექტიურ თავდაცვაში, ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში აშშ-ის წვლილისთვის, ასევე უკრაინის მხარდაჭერაში, მათი თავდაცვის უფლების დაცვაში მოწინავე ძალისხმევისთვის. გუშინ თქვენ უმასპინძლეთ უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას ნატო-ს შტაბ-ბინაში, მე მივესალმები აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას უკრაინის მხარდაჭერის კიდევ უფრო გაძლიერების შესახებ, რადგან მას ნამდვილად სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა. გუშინ თავდაცვის მინისტერიალის შეხვედრაზე ნატო-ს ყველა მოკავშირისგან და პარტნიორისგან იყო მხარდაჭერის ძლიერი გზავნილი, რომ ჩვენ მზად ვართ გრძელი გზისთვის, ნატო-ს მოკავშირეები მზად არიან, გააგრძელონ უკრაინისთვის არსებითი უპრეცედენტო მხარდაჭერის უზრუნველყოფა. ნატო-ს ამ თავდაცვის მინისტერიალზე ჩვენ მოვემზადებით მადრიდში ამ თვის ბოლოს დაგეგმილი სამიტისთვის, რომელიც იქნება გარდამტეხი სამიტი ჩვენი უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტ მომენტში. ჩვენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მივიღებთ, თუ როგორ უნდა გავაძლიეროთ კიდევ უფრო შეკავების პოლიტიკა და თავდაცვა კიდევ უფრო საშიშ მსოფლიოში. ჩვენ შევთანხმდებით უკრაინისთვის ყოვლისმომცველი მხარდაჭერის პაკეტზე, ასევე შევთანხმდებით იმაზე, თუ როგორ მოვახდინოთ ნატო-ს მოდერნიზება სტრატეგიული კონცეფციის შეთანხმებით, რომელიც ასახავს უსაფრთხოების ახალ რეალობას. ასევე, ჩვენ ვითანამშრომლებთ პარტნიორებთან, მათ შორის აზია-წყნარი ოკეანის პარტნიორებთან, იაპონიასთან, სამხრეთ კორეასთან, ავსტრალიასთან და ახალ ზელანდიასთან, ასევე ფინეთთან და შვედეთთან – ორ ქვეყანასთან, რომლებმაც ნატო-ს წევრობაზე განაცხადი წარადგინეს. ჩვენ ასევე განვიხილავთ თავდაცვითი ხარჯების გაზრდისა და ალიანსის შიგნით ტვირთის განაწილების გაუმჯობესების საჭიროებას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
0
0