24/10/2024
14:58
მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მადლობას უხდის ყველა მეგობარს ანკარაში გუშინ განხორციელებული ტერაქტის შემდეგ გამოთქმული სამძიმრისა და გამოხატული სოლიდარობისთვის“.
როგორც ერდოღანმა „ბრიქსის“ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მომხდარმა ტერორისტულმა თავდასხმამ კიდევ უფრო გააძლიერა თურქეთის მტკიცე გადაწყვეტილება, აღმოფხვრას ტერორიზმი.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს მეგობარს, რომელმაც სამძიმარი გამოთქვა და და სოლიდარობა გამოხატა ანკარაში გუშინ განხორციელებული მოღალატეობრივი ტერორისტული თავდასხმის გამო. ამ საზიზღარმა თავდასხმამ კიდევ უფრო გააძლიერა თურქეთის მზადყოფნა და სიმტკიცე, აღმოფხვრას ტერორიზმი“, – განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის ავიაკოსმოსური სახელმწიფო კომპანიის შტაბბინაზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა ხუთი და დაშავდა 22 ადამიანი. ორი თავდამსხმელი – ერთი ქალი და ერთი მამაკაცი განეიტრალებულია. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა და განაცხადა, რომ თავდასხმის უკან ქურთისტანის მუშათა პარტია დგას. თავდასხმაზე საპასუხოდ, თურქეთმა ერაყსა და სირიაში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მებრძოლებთან დაკავშირებულ სამიზნეებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ერაყსა და სირიაში საპასუხო იერიშის დროს განადგურდა ტერორისტების კუთვნილი 47 სამიზნე.
0
0