04/07/2023
08:21
კულტურა
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას პარლამენტმა მესამე მოსმენაზე მხარი დაუჭირა. პარლამენტს ორი წლის წინ, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების ინიციატივით, ქართველმა ავტორებმა მიმართეს.
„მადლობა, რომ გაგვათავისუფლეთ ამდენხნიანი ქურდობისგან. ძალიან მადლიერები ვართ, რომ, როგორც იქნა, გვეძლევა არჩევანის თავისუფლება და ჩვენ თავად გადავწყვეტთ, რომელ ასოციაციასთან გვსურს თანამშრომლობა. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით პარლამენტსა და ქალბატონ პრეზიდენტის მხარდაჭერისთვის”, - აცხადებს დათო ევგენიძე
“ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და დღეს საბოლოოდ მიიღეს ავტორ-შემსრულებლებზე მორგებული კანონი. სწორედ ამას ვითხოვდით ჩვენ წლების განმავლობაში და მსურს, მადლობა გადავუხადო ყველა ჩართულ მხარეს, პარლამენტს, საერთაშორისო მხარეს, პრეზიდენტს. ეს ჩვენთვის წინგადადგმული ნაბიჯია და დარწმუნებული ვარ ეს კანონი სფეროს დაარეგულირებს“, - ამბობს მაია ჯაბუა
“უკვე წლებია, ჩვენ ველოდებით ამ სფეროს დარეგულირებას და როგორც იქნა, პარლამენტისა და უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერით, მიიღეს კანონი, რომელიც დაგვეხმარება, რომ ყველა კომპოზიტორმა თუ ავტორ-შემსრულებელმა მიიღოს კუთვნილი ჰონორარი, გამჭვირვალედ. ეს მართლაც გამარჯვებაა”, - განაცხადა ლილიკო ნემსაძემ.
„ხელოვანების ერთად დგომამ გამოიღო შედეგი და მიიღეს ასეთი საჭირო და მნიშვნელოვანი კანონი. მადლობას ვუხდით ყველა ჩართულ მხარეს, რომ ამ საკითხს დაუთმეს ყურადღება. დარწმუნებული ვარ, ამ კანონის მიღებით ამ სფეროში პროცესები გაუმჯობესდება, დასრულდება მონოპოლია, ქურდვა. ველით, რომ პროცესები გახდება გამჭვირვალე და ჩვენი ჰონორარების განაწილების პროცესი იქნება სამართლიანი“, - განაცხადა სალომე ბაკურაძე
,,ამ კანონის მიღება ჩვენი, ქართველო ხელოვანების გამარჯვებაა. ძალიან დიდი მადლობა, რომ დრო დაგვითმეს და იზრუნეს ამ სფეროს გაუმჯობესებაზე”, - ამბობს მარიკო კვალიაშვილი.
,,სხვა შედეგს არც ველოდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ კანონს მიიღებდნენ, რადგანაც ეს ხელოვანებისთვის იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. სხვაგვარად წარმოუდგენელია ხელოვანმა იარსებოს”, - აცხადებს დათო ლონდარიძე.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024