12/05/2023
14:24
სპორტი
კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს 100 კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე ასპარეზობენ.
ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა. ქართველმა დაძაბულ დაპირისპირებაში რუმინელი გონსალესი შებოჭვით დაამარცხა. მერვედფინალში ვარლამის მეტოქე კაზახი ან დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი ძიუდოისტი იქნება.
ტურნირი გამარჯვებით გახსნა შეჯიბრებაზე დღეს გამომსვლელმა მეორე ქართველმა, 21 წლის ილია სულამანიძემაც – მან მეორე წრეში მონღოლ გონჩიგსურენ ბატჰუიაგს ვაზარით მოუგო. ილია მერვედფინალში ხორვატ კუმრიჩს შეხვდება.
ლიპარტელიანი და სულამანიძე, წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში, ერთმანეთს ფინალამდე არ ხვდებიან.
შეგახსენებთ, რომ ხუთი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალია. მსოფლიო ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ლუკა მაისურაძე (90 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედალი ლაშა ბექაურმა (90 კგ) მოიპოვა, ხოლო მესამე ადგილი 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) დაიკავა.
0
0