15/10/2023
15:10
სპორტი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა თანამდებობდა დატოვა, ამის შესახებ საქართველოს რაგბის კავშირიმა განცხადება გაავრცელა:
„თითქმის ოთხწლიანი მუშობის შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა თანამდებობა დატოვა. მისი შემცვლელის ძებნა მიმდინარეობს და ლევანი თანახმაა, ახალი მწვრთნელის შერჩევამდე განაგრძოს მოვალეობის შესრულება. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ მას ქართული რაგბისადმი ერთგულებისთვის და გამორჩეულ მორაგბეთა გუნდის ჭეშმარიტი ლიდერობისთვის. ჩვენ მოველით, რომ ლევანი დარჩება ქართული სარაგბო ოჯახის მნიშვნელოვან წევრად და სათანადო დროს გადაინაცვლებს ახალ ამპლუაში, საიდანაც ყველა დონის მოთამაშეთა პროფესიულ მომზადებას და განვითარებას გაუწევს მეთვალყურეობას“.
ლევან მაისაშვილი: „მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებლობის ანალიზის შედეგად გადავწყვიტე მთავარი მწვრთნელის პოზიციის დატოვება. გასული ოთხი წელი იყო უმნიშვნელოვანესი და ყოველთვის მადლიერი ვიქნები ჩემი გუნდის – მათი თავდაუზოგავი შრომისა და თავგანწირვისთვის. ვამაყობ იმით, რასაც ერთად მივაღწიეთ. მჯერა, რომ ჩვენი პროგრესი თვალსაჩინოა და მომავალი კიდევ უფრო ნათელია რადგან ჩვენს 20 და 18-წლამდე ნაკრებებში მოდიან ახალგაზრდა თაობის გამორჩეულად ნიჭიერი მოთამაშეები.
მინდა მადლობა გადავუხადო სოსო ტყემალაძეს და რაგბის კავშირის გამგეობას ჩემს მიმართ გამოხატული ნდობისთვის. მადლობა ქართულ სარაგბო კლუბებს მათი მხარდაჭერისთვის და ეროვნული ნაკრების განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის. მადლობა ქართველ გულშემატკივარს – ისინი ყველგან და ყოველთვის ჩვენს გვერდით იყვნენ”.
იოსებ ტყემალაძე, (საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი): „მადლობას ვუხდი ლევანს იმისთვის რაც მან ქართული რაგბისთვის გააკეთა. ის არის ჩვენი ეროვნული ნაკრების ყველაზე წარმატებული მწვრთნელი, სწორედ მან შეძლო და მიიყვანა ჩვენი გუნდი უდიდეს ისტორიულ ეტაპებამდე, როგორიც იყო უელსთან და იტალიასთან გამარჯვება და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ზედიზედ ოთხჯერ მოგება“.
ლევან მაისაშვილის მწვრთნელობის პერიოდში საქართველოს ნაკრებმა 2022 წელს პირველად დაამარცხა ტიერ 1 დონის მეტოქეები – იტალია და უელსი; ზედიზედ ოთხჯერ მოიგო რაგბი ევროპის ჩემპიონატი; მაისაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ჩაატარა 40 შეხვედრა: 24 მოგება, 3 ფრე, 13 წაგება.
47 წლის სპეციალისტმა ასევე დატოვა პირველი პროფესიული ქართული ფრენჩაიზის, „შავი ლომის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიც, რომელიც ნოემბერ-დეკემბერში რაგბი ევროპის სუპერთასის ზედიზედ მესამედ მოგებას ეცდება, რის შემდეგაც, ისტორიაში პირველად, ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირში, „ჩელენჯ თასში“ ჩაერთვება.
0
0