01/08/2022
10:48
მსოფლიო
მსოფლიოს ტყეების მდგომარეობისა და დაცვის შესახებ მონაცემთა მუდმივად შეგროვებისა და დახარისხების მიზნით, ბუნების დაცვის აქტიური მებრძოლი ლეონიდას ნზიგიიმპა (რომელიც ცენტრალური აფრიკის პატარა ქვეყნის - ბურუნდის - ხუთი დაცული სატყეო ტერიტორიის მთავარი მცველია) უფასო პროგრამის უახლეს ვერსიას იყენებს, რომელსაც ინტეგრირებული მართვის ეფექტურობის ინსტრუმენტი ეწოდება.
„ვერ მართავ იმას, რაც არ იცი. ტყის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საჭიროა ახალი ტექნოლოგიების გამოყენება,“ - თქვა ნზიგიიმპამ. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ის და მისი გუნდი ადგილობრივ თემებთან ერთად ტყის დასაცავად მუშაობდნენ.
ციფრული ინსტრუმენტი სპეციალურად ასეთი გარემოსდაცვითი სამუშაოებისთვის პროექტ Biopama-ს (ბიომრავალფეროვნებისა და დაცული ტერიტორიების მართვის პროგრამა) მიერ შემუშავდა. პროექტს მხარს უჭერს როგორც ევროკავშირის, ასევე აფრიკის, კარიბის და წყნარი ოკეანის ქვეყნების 79 ორგანიზაცია.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ ეკოსისტემის მონიტორინგის ჩარჩო ვებგვერდი (Ferm) შექმნა, რომელიც გასულ წელს ამოქმედდა და იყენებს სატელიტურ სურათებს მთელ მსოფლიოს ტყეებში ცვლილებების გამოსავლენად. Ferm-ის ძირითადი მონაცემთა წყაროა აშშ-ის კოსმოსური სააგენტო NASA და მისი გლობალური ეკოსისტემის დინამიკის კვლევის სისტემა.
აკრონიმი Gedi გამოითქმის, როგორც სიტყვა „ჯედაი“ ფილმ „ვარსკვლავური ომების“ მიხედვით და აგრძელებს ამ ფილმის სერიების თემას სლოგანით - "დაე, ტყე იყოს შენთან!"
„საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან ხეებს ლაზერის სხივებს ვესვრით. ჩვენ ვიყენებთ არეკლილ ენერგიას ტყეების 3D ფორმატში გამოსახვისთვის. ეს საინტერესო ახალი ტექნოლოგიაა, რადგან ათწლეულების განმავლობაში ჩვენ ვაკვირდებოდით ტყეების გაჩეხვის პროცესს კოსმოსიდან, მაგრამ ახლა, უფრო მეტი სიზუსტისთვის, Gedi-სთან ერთად შეგვიძლია განვსაზღვროთ ემისირებული ნახშირბადის მოცულობა, რომელიც ტყის გაჩეხვის გამო გროვდება“, - ამბობს მერილენდის უნივერსიტეტის მეცნიერი ლორა დუნკანსონი, რომელიც Gedi-ის პროექტს ხელმძღვანელობს.
Ferm-ს რუკებითა და მონაცემებით ასევე ნორვეგიული Planet Labs-ი ამარაგებს, რომელიც კამერით აღჭურვილ 200-ზე მეტ თანამგზავრს მართავს. ისინი ყოველდღიურად დედამიწის ზედაპირს 350 მილიონ ფოტოს უღებენ, რომელთაგან თითოეული მოიცავს 1 კვ.კმ ფართობს. ყველა ამ საჯაროდ ხელმისაწვდომი თანამგზავრის დახმარებით, ყოველ ოთხ-ხუთ დღეში დედამიწის სრული სურათის მიღებაა შესაძლებელი.
გაეროს მონაცემებით, ყოველწლიურად მსოფლიოს ტყეები 10 მილიონ ჰექტარზე ნადგურდება. ბუნების მსოფლიო ფონდის მიხედვით, „გაუტყეურება მთელ მსოფლიოში ნახშირორჟანგის ემისიების 20%-ს მოიცავს; ხეების გაჩეხვის დონის შემცირებით კი შესაძლებელია ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირება და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა“.
0
0