11/08/2024
00:33
სპორტი
ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე (+102კგ) სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია. პარიზის ოლიმპიადაზე ტალახაძემ ორჭიდის ჯამში 470 კილოგრამი დააფიქსირა და ოქროს მედალი მოიპოვა.
ლაშა ატაცში 210 და 215 კილოგრამს გაუმკლავდა, აკვრაში კი 247 და 255 კილოგრამი ასწია.
ვერცხლის მედალი სომხეთის წარმომადგენელ ვარაზდატ ლალაიანს ერგო, მან ორჭიდის ჯამში 467 კილოგრამს მოუყარა თავი, ხოლო ბრინჯაოს მედალს ბაჰრეინის სახელით გამომსვლელი სომეხი გორ მინასიანი 461 კილოგრამით დაეუფლა.
ლაშა ტალახაძე ვიქტორ სანეევის შემდეგ პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც ოლიმპიური თამაშები სამჯერ მოიგო. ლეგენდარულმა ძალოსანმა ოქროს მედალი რიოსა და ტოკიოს ოლიმპიადებზეც მოიპოვა.
რაც შეეხება მსოფლიო ძალოსნობის ისტორიას, მძიმე წონაში ტალახაძემ ვასილი ალექსეევის, ალექსანდრ კურლოვიჩისა და ჰოსეინ რეზაზადეს შედეგი გააუმჯობესა. მათ, ქართველ ძალოსანთან ერთად, ორი ოლიმპიური ოქროს მედალი ჰქონდათ.
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას ექვსი მედალი აქვს. ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ბექაური, გენო პეტრიაშვილი და ლაშა ტალახაძე გახდნენ, ვერცხლი ილია სულამანიძემ და ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვეს, ხოლო ლაშა გურული ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ხვალ, 11 აგვისტოს ოქროს მედლისთვის თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი (97კგ) იბრძოლებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოლიმპიურ თამაშებზე სამი ოქროს მედალი მხოლოდ ერთხელ, 2008 წელს პეკინში ჰქონდა მოპოვებული.
0
0