24/09/2024
16:05
საზოგადოება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე ლადო ჭანტურია 2024 წლის 23 სექტემბერს ფარული კენჭისყრის გზით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სექციის თავმჯდომარედ აირჩიეს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს პროფესორ ლადო ჭანტურიას დამსახურებულ აღიარებას და უსურვებს წარმატებას. პროფესორ ლადო ჭანტურიას ღვაწლი ქართული სამართლის განვითარებაში ფასდაუდებელია. იგი იდგა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შექმნის სათავეებთან და არის თანამედროვე ქართული სამართლის ერთ-ერთ შემოქმედი. საქართველოს ყოფილი იუსტიციის მინისტრი, უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიაში, პროფესორი ლადო ჭანტურია 2018 წლის 8 იანვრიდან არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე, ხოლო 2023 წლის 18 მაისს, იგი V სექციის ვიცე-თავმჯდომარედ აირჩიეს. მისი პროფესიული მიღწევების მიუხედავად, მას არ შეუწყვეტია პედაგოგიური მოღვაწეობა. ლადო ჭანტურია ის ადამიანია, რომელმაც არაერთ ქართველ იურისტს გაუკვალა გზა ევროპულ სამეცნიერო - კვლევით თუ საგანმანათლებლო დაწესებულებებში და გარდამტეხი წვლილი შეიტანა მათ განვითარებაში.
2023 წელს ლადო ჭანტურია ევროპის აკადემიის (Academia Europaea) ნამდვილ წევრად აირჩიეს. გარდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა, ის მოღვაწეობდა ბრემენის უნივერსიტეტში, ჰამბურგის მაქს პლანკის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტსა ქრისტიან-ალბრეხტის სახელობის კილის უნივერსიტეტში.
0
0