25/11/2023
23:07
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ ფორმით მიმდინარე სეზონში მეოთხე გოლი გაიტანა – ნეაპოლელებმა ახალი მთავარი მწვრთნელის, ვალტერ მაძარის ხელმძღვანელობით პირველი შეხვედრა „ატალანტას“ წინააღმდეგ სტუმრად ჩაატარეს და 2:1 მოიგეს.
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ Serie A-ს კამპანიის ფარგლებში მიმდინარე მატჩებს ფეხბურთელები ლოყაზე წითელი საღებავით თამაშობენ. კამპანიის სახელია „წითელი ბარათი ძალადობას“ და ლიგის გუნდები მას რამდენიმე წელია უერთდებიან. ამიტომაც, ფეხბურთელებს ლოყაზე წითელი საღებავი ესვათ.
სერია A-ს მე-13 ტურის შეხვედრაში, ბერგამოში, საქართველოს ნაკრების ლიდერი „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში იყო. 34-ე წუთზე, ჯაკომო რასპადორის გადაცემით, ამირ რახმანიმ მასპინძლებს გაუტანა, მაგრამ ვიდეორეფერიმ თამაშგარე დააფიქსირა და გოლი არ ჩაითვალა.
43-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან გუნდის კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ ჩააწოდა, ზუსტი თავური დარტყმით კი გოლი კვარაცხელიამ გაიტანა და „ნაპოლი“ დააწინაურა.
მეორე ტაიმში „ატალანტამ“ შეუტია და 53-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა – ფლანგური გადაცემა თავური დარტყმით მასპინძელთა ნიგერიელმა თავდამსხმელმა, ადემოლა ლუკმენმა დააგვირგვინა.
63-ე წუთზე „ნაპოლის“ ვიქტორ ოსიმენი დაუბრუნდა, რომელიც ნიგერიის ნაკრებში სექტემბერში მიღებული ტრავმის გამო ორი თვე ვერ თამაშობდა. მან გადამწყვეტი როლი შეასრულა სტუმართა მეორე გოლში – გადაცემა ჩაჭრა და კარის წინ ელიფ ელმასი დატოვა, რომელმაც „ნაპოლი“ 79-ე წუთზე დააწინაურა.
13 ტურის შემდეგ „ნაპოლიმ“ 24 ქულა დააგროვა, „მილანს“ (23) გადაასწრო და იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე დაწინაურდა.
კვარაცხელიამ კი ბოლო სამ მატჩში ოთხი გოლი გაიტანა – მანამდე ხვიჩამ ორი გოლით თავი საქართველოს ნაკრებში შოტლანდიასთან გამოიჩინა და ერთიც ესპანეთთან შეაგდო.
იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ხვიჩას ანგარიშზე ოთხი გოლი და სამი საგოლე გადაცემაა.
ცნობისთვის, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია იმართება საქართველოშიც.
0
0
ყველა წარმატება თავის მპტყუებაა- ლაშა ბუღაძე
17/11/2024
ახალსოფელში ქმარმა ცოლის დაწვა სცადა
17/11/2024