30/10/2023
08:27
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატში გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს, „მილანს“ დაუპირისპირდა და სანახაობრივი შეხვედრა ფრედ დაასრულა – 2:2.
სერია A-ს მე-10 ტურის შეხვედრა, რომელიც „სტადიო მარადონაზე“ გაიმართა, „ნაპოლიმ“ აქტიურად დაიწყო, მაგრამ ანგარიში 22-ე წუთზე „მილანმა“ გახსნა – კრისტიან პულიშიჩის გადაცემით ოლივიე ჟირუმ ისარგებლა და 11-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა.
27-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ მარცხენა ფლანგზე კარგად ითამაშა, მცველს გასცდა და კარის წინ მარტო დარჩენილი მატეო პოლიტანო მონახა, მაგრამ მან ხელსაყრელი მომენტით ვერ ისარგებლა.
31-ე წუთზე კი „მილანმა“ თავისი შანსი გამოიყენა – ჟირუმ დუბლი შეასრულა და სტუმრები შესვენებაზე კომფორტული უპირატესობით გავიდნენ – 2:0.
მეორე ნახევარი „ნაპოლიმ“ გაცილებით უკეთ დაიწყო და 49-ე წუთზე მატეო პოლიტანოს ეფექტური გოლით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. მე-60 წუთზე ხვიჩას ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდა, მაგრამ მის დარტყმულს მცველი გადაეფარა და „მილანი“ გადაარჩინა.
„ნაპოლიმ“ ანგარიში მაინც გაათანაბრა – 63-ე წუთზე მასპინძლებმა ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც ჯაკომო რასპადორიმ უნაკლოდ შეასრულა – 2:2. მატჩის მიწურულს კვარაცხელიას კიდევ ერთხელ შეეძლო გატანა, მაგრამ მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია და „მილანი“ წაგებას გადაარჩინა.
მატჩის დასასრულს “ნაპოლის” მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა:
"როდესაც მარცხდები, შეხვედრის ფრედ დასრულება ყოველთვის უკეთესია. გუნდის რეაგირება მომეწონა. ცოტა იღბალიც გვჭირდებოდა, რომელმაც "კვარას" ბოლო შანსისას ზურგი გვაქცია. გვინდოდა მოგვეგო, მაგრამ "მილანი" შესანიშნავი გუნდია. კომპლიმენტები ბიჭებს." - განაცხადა გარსიამ.
0
0