30/09/2023
19:03
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატში სტუმრად „ლეჩეს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 4:0 დაამარცხა. ქართველმა თავდამსხმელმა საგოლე გადაცემით ამჯერადაც გაიბრწყინა.
„ნაპოლის“ მწვრთნელმა, რუდი გარსიამ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და სერია A-ს მე-7 ტურის მატჩში ძირითად შემადგენლობაში გუნდის საუკეთესო ბომბარდირი ვიქტორ ოსიმენი არ დააყენა, მის ნაცვლად ჯოვანი სიმეონე თამაშობდა.
„ლეჩემ“, რომელიც მიმდინარე სეზონში გამართულ ფეხბურთს აჩვენებს, შეხვედრა აქტიურად დაიწყო, თუმცა „ნაპოლიმ“ უპირატესობა მალევე მოიპოვა და თამაში გააკონტროლა. მე-16 წუთზე ანგარიში გაიხსნა. პიოტრ ზიელინსკის გადაცემით ლეო ოსტიგორმა ისარგებლა – 0:1.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა სამჯერ სცადა კარის აღება, მაგრამ მიზანს ააცილა. 51-ე წუთზე კვარაცხელიამ თავი მაინც გამოიჩინა. სწრაფი კონტრშეტევა განავითარა და სათადარიგოთა სკამიდან შესულ ვიქტორ ოსიმენს იდეალური გადაცემით გოლი გაატანინა. მალევე, 58-ე წუთზე რუდი გარსიამ ხვიჩა კვარაცხელიას ნაცვლად მოედანზე ჯაკომო რასპადორი შეუშვა.
88-ე წუთზე „ნაპოლიმ“ მესამე გოლიც გაიტანა. თავის გამოჩენა რასპადორის პასით გაეტანომ მოახერხა, 90+4-ე წუთზე კი პენალტის ნიშნულიდან პოლიტანომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„პარტენოპეი“ მომდევნო მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ ჩაატარებს. „მარადონას“ „სამეფო კლუბი“ 3 ოქტომბერს ეწვევა, თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ამ გამარჯვებით „ნაპოლი“ სერია A-ში 14 ქულით მესამე პოზიციაზე დაწინაურდა, ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე კი 5 მატჩში 3 საგოლე გადაცემა და 1 გოლია, მან ასევე 2 პენალტი მოიპოვა.
საქართველოს პირველი არხი
0
0