19/10/2022
11:26
კულტურა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს სამინისტროს ავტოფარეხის ქვეშ აღმოჩენილი ძველი აკლდამებიდან ნეშტები ხოჯევანქის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა სახელმწიფო პანთეონში გადაასვენეს.
პროცესს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი აშოტ სმბატიანი, საქართველოში სომხური სათვისტომოს ხელმძღვანელი ვან ბაიბურთი და სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღოლი, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი ესწრებოდნენ.
როგორც სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, თავდაპირველად, ორი აკლდამა აღმოაჩინეს, რის შემდეგაც სამინისტრომ დაუყონებლივ შეაჩერა სამუშაო პროცესი და ადგილზე მოიწვია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს არქეოლოგები. აღმოჩენის შესახებ შეტყობინება გაეგზავნა სომხურ სათვისტომოსა და ვან ბაიბურთს, რადგან წარსულში ამ ტერიტორიაზე იყო სომხური ეკლესია და საბჭოთა პერიოდში, ეკლესიის მიმდებარედ არსებული სომხური სასაფლაო გააუქმეს.
არქეოლოგებმა სამინისტროს შიდა ეზოს სხვა მონაკვეთებიც დაამუშავეს და აღმოაჩინეს ხუთი ნეშტი. მათგან ორი იდენტიფიცირებულია საფლავის ქვებზე შემორჩენილი წარწერების წყალობით. როგორც ეპიტაფიით ირკვევა, ერთი საფლავი სომხური ტაძრის მღვდლის, ოჰანეზ ტერ პოღოსიანისაა, მეორე კი - მისი მეუღლის.
სამინისტროს, საქართველოში სომხური სათვისტომოსა და სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღოლის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის შეთანხმების საფუძველზე, დღეს ყველა ნეშტი სომხურ პანთეონში გადაასვენეს.
0
0