22/11/2023
16:29
კულტურა
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სამწუხარო ინფორმაციას ავრცლებს:
“კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოხატავს საქართველოს დამსახურებული არტისტის, ლილი თავაძის, გარდაცვალების გამო
ლილი თავაძე 1942 წლის 19 თებერვალს ზესტაფონში დაიბადა. მსახიობმა 1969 წლიდან ნახევარ საუკუნეზე მეტი ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე გაატარა და ამ ხნის მანძილზე 200-ზე მეტი როლი შეასრულა.
მსახიობმა სცენური სახეები შექმნა სპექტაკლებში: „ამაღლებული სოფელი“, „ქეთევანი“, „მე ვხედავ მზეს“, „არშილ მალ ალან“, „ცხოვრების ჯარა“, „ოთხი სიცოცხლე“, „რას იტყვის ხალხი“ „კიკვიძე“, „როგორ მოვარჯულოთ ცოლი“, „საჭიროა მატყუარა“, „მოძღვარი“, „სანამ ურემი გადაბრუნდება“, „გაამოთ“, „ალიბაბა“, „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“, „ნაცარქექია“, „მედეა“, „მე მჯერა შენი“, „კომბლე“, „ლიკა“, „როცა ქალაქს სძინავს“, „კატასტროფა“, „რისთვის ცხოვრობ“, „ერთი შეცდომის ფასი“, „დარისპანის გასაჭირი“, „ხათაბალა“, „სიმართლე“, „ეზოში ავი ძაღლია“, „ბერნარდა ალბას სახლი“, „ჩემი პატარა ქალაქი“, „ღმერთო, დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები“, „თეატრი“, „მუსუსი“, „დიდრო“, „SALE“, „რა მოხდა ჭიათურაში“, „გუშინდელნი“, „დაბრუნება“ „ყორნალი“, „დასაწყისი“, „პრემიერა“, „წმინდა ინგლისური მკვლელობა“, „ბუმერანგი“, „ღია შუშაბანდი“, „უბრალო ამბავი“, „ზვავი“ სხვ.
ლილი თავაძემ 1970 წელს მიიღო საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება, 1997 წელს გადაეცა ღირსების ორდენი. საუკეთესო როლების შესრულებისათვის მიღებული აქვს სიგელები და დიპლომები. 2021 წელს ჭიათურის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს.
2021 წელს თეატრალურმა საზოგადოებამ ქართული თეატრის ამაგდარის წოდება მიანიჭა. მიმდინარე წლის ოქტომბერში ჭიათურის თეატრის წინ გაიხსნა ლილი თავაძის სახელობის ვარსკვლავი.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უსამძიმრებს ლილი თავაძის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს”
0
0