03/12/2023
10:08
კულტურა
კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოხატავს ლეგენდარული სოპრანოს, მედეა ამირანაშვილის, გარდაცვალების გამო.
მედეა ამირანაშვილი 1930 წლის 10 სექტემბერს დაიბადა. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. მისი დებიუტი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე 1954 წელს შედგა (მარგარიტა, გუნოს „ფაუსტი“).
მომღერალმა შეასრულა სოპრანოს მთავარი პარტიები: მარო, ეთერი, მარიხი (ზ. ფალიაშვილის „დაისი“, „აბესალომ და ეთერი“), ლელა (რ. ლაღიძის „ლელა“), ტატიანა (პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“), ზემფირა (რახმანინოვის „ალეკო“), ბატერფლაი, მიმი (პუჩინის „ჩიო-ჩიო-სანი“, „ბოჰემა“), ლეონორა, ვიოლეტა, დეზდემონა (ვერდის „ტრუბადური“, „ტრავიატა“ „ოტელო“), ელზა (ვაგნერის „ლოენგრინი“). გაახმოვანა მთავარი პერსონაჟები ფილმებში „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“, „ჭრიჭინა“.
მედეა ამირანაშვილს ახასიათებდა ფართო ვოკალურ-არტისტული დიაპაზონი, მძაფრი შინაგანი ექსპრესია. დიდი წარმატებით გამოდიოდა არაერთ ქვეყანაში, მათ შორის: პოლონეთის, გერმანიის, უნგრეთის, ბულგარეთის, საფრანგეთის, ახალი ზელანდიის, კანადის, ავსტრალიის საოპერო თეატრებსა და საკონცერტო დარბაზებში.
ლეგენდარული სოპრანო იყო ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, პროფესორი; 1991 წლიდან - ქალაქ ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; სახალხო არტისტი; ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი; თამარ მეფისა და ღირსების ორდენების კავალერი.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უსამძიმრებს მედეა ამირანაშვილის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და საზოგადოებას.
0
0