30/08/2022
12:43
მსოფლიო
გაეროს ჰუმანიტარულმა ხელმძღვანელმა მარტინ გრიფიტსმა დონორებს ავღანეთის განვითარებისთვის დაფინანსების აღდგენისკენ მოუწოდა, რომელიც ერთი წლის წინ თალიბანის მიერ ქვეყნის დედაქალაქ ქაბულის აღების შემდეგ შეწყდა. მარტინ გრიფიტსმა აღნიშნა, რომ ექვსი მილიონი ადამიანი შიმშილის საფრთხის წინაშეა.
მარტინ გრიფიტსმა გაეროს უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ ავღანეთი ჰუმანიტარული, ეკონომიკური, კლიმატის, შიმშილისა და ფინანსური კრიზისის წინაშე დგას და, რომ დონორმა ორგანიზაციებმა დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყონ 770 მილიონი აშშ დოლარი, რათა ავღანელები მომავალ ცივ თვეებს გადაურჩნენ.
„კონფლიქტი, სიღარიბე, კლიმატური შოკები და სასურსათო დაუცველობა დიდი ხანია სამწუხარო რეალობაა ავღანეთში, მაგრამ ფართომასშტაბიანი განვითარების დახმარების შეჩერება ამჟამინდელ მდგომარეობას უფრო კრიტიკულს ხდის. სიღარიბე უფრო მწვავდება, მოსახლეობა კვლავ იზრდება და დე-ფაქტო ხელისუფლებას საკუთარი მომავლისთვის ბიუჯეტი არ აქვს. ჩვენთვის ნათელია, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ფინანსური მხარდაჭერა უნდა განახლდეს.
ავღანეთის 39 მილიონიანი მოსახლეობის ნახევარზე მეტს ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება, ხოლო 6 მილიონს - შიმშილობა ემუქრება. მილიონზე მეტი ბავშვი ცხოვრების არასრულფასოვანი პირობებით იტანჯება და შეიძლება დაიღუპოს სათანადო მკურნალობის ჩაუტარებლობით.
თალიბანის დე-ფაქტო ბიუროკრატიული პროცედურები ანელებს ჰუმანიტარულ დახმარებას, როდესაც ის ყველაზე მეტად საჭიროა. ჰუმანიტარული დახმარების ქალ მუშაკებს უნდა მიეცეთ უფლება, იმუშაონ შეუფერხებლად და უსაფრთხოდ. გოგონებს კი სწავლის გაგრძელების საშუალება უნდა მიეცეთ“, - თქვა მარტინ გრიფიტსმა.
ავღანელების 70 %-ზე მეტი სოფლად ცხოვრობს. გრიფიტსის თქმით, თუ სოფლის მეურნეობა და მეცხოველეობა არ იქნება დაცული, მილიონობით ადამაინის სიცოცხლესა და საარსებო წყაროს საფრთხე დაემუქრება. მისივე განცხადებით, ასევე უნდა მოგვარდეს ქვეყნის საბანკო კრიზისი და საერთაშორისო ფინანსური ტრანზაქციების კუთხით არსებული უკიდურესი სირთულეები.
თალიბანის დე-ფაქტო მთავრობა ოფიციალურად არცერთმა ქვეყანამ არ აღიარა და ის კვლავ ექვემდებარება საერთაშორისო სანქციებს, რომლებიც გაეროსა და დამხმარე ჯგუფების თქმით, ქვეყანაში ჰუმანიტარულ ოპერაციებს აფერხებენ.
0
0