09/10/2024
17:56
მსოფლიო
კრემლმა არ დაადასტურა ამერიკელი ჟურნალისტის ბობ ვუდვორდის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თანამდებობის დატოვების შემდეგ შვიდჯერ ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.
RBC-ის შეკითხვაზე, ისაუბრეს თუ არა პუტინმა და ტრამპმა ტელეფონით, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა: „არა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება“.
როგორც ცნობილია, ბობ ვუდვორდი ახალ წიგნში „ომი“ წერს, რომ 2024 წლის დასაწყისში ტრამპმა ყოფილ თანაშემწეს ოთახიდან გასვლა სთხოვა, რადგან მოწმეების გარეშე სურდა პუტინთან სატელეფონო საუბარი. თუმცა The Washington Post-ის თანახმად, წიგნში არ არის ნახსენები, თუ რა საკითხი განიხილეს ტრამპმა და პუტინმა.
დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა სტივენ ჩონგმა გავრცელებულ ცნობებს სიცრუე და ავტორის - ვუდვორდის - ფანტაზია უწოდა.
0
0