01/08/2022
10:12
მსოფლიო
კოსოვოს ხელმძღვანელობამ ეთნიკურ სერბებთან დაკავშირებით დოკუმენტებისა და სანომრე ნიშნების შესახებ გადაწყვეტილება 2022 წლის პირველ სექტემბრამდე გადადო.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ახალი რეგულაციების გადადების თხოვნით კოსოვოს ადმინისტრაციას პრიშტინაში აშშ-ის ელჩმა, ჯეფრი ჰოვენიემ მიმართა. მაგრამ, როგორც მთავრობის განცხადებაშია აღნიშნული, ღონისძიება გადაიდება ერთი თვით, თუ პირველ აგვისტოს კოსოვოს ჩრდილოეთში განთავსებული ბარიკადები მოიხსნება.
„კოსოვოს რესპუბლიკის მთავრობა კატეგორიულად გმობს დღეს კოსოვოს ჩრდილოეთით გზების გადაკეტვას და იქ შეიარაღებული პირების მიერ პოლიციის მისამართით სროლას. საუბარია კოსოვოს დესტაბილიზაციის ტენდენციაზე და ეს საფრთხეს უქმნის მოქალაქეებისა და ჩვენი ქვეყნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას. დღეს შუადღისას და საღამოს იყო არაერთი აგრესიული აქტი, რომელიც იყო წაქეზებული და მომზადებული ოფიციალური ბელგრადის მიერ“, – ნათქვამია კოსოვოს ადმინისტრაციის განცხადებაში.
კოსოვოს მთავრობის მიერ წუხელ მიღებულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დაძაბულობა საზღვართან, სადაც 31 ივლისს, საღამოს, ასეულობით კოსოვოელმა სერბმა სატვირთო ავტომანქანებით გზები გადაკეტა ორ სასაზღვრო პუნქტთან.
მედიის ცნობით, სერბეთსა და კოსოვოს შორის გამყოფ ხაზზე სროლისა და განგაშის სიგნალის ხმა ისმოდა. კოსოვოს ჩრდილოეთში მცხოვრებმა სერბებმა მთავარი ავტომაგისტრალები სატვირთო ავტომობილებით გადაკეტეს.
0
0