12/12/2022
14:10
სამართალი
კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახი კლინიკის უფროსი მედდის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახის ადვოკატმა, ზაზა ხატიაშვილმა განუცხადა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში 20 წლის ბიჭს “მორფინის“ იმაზე მეტი დოზა გაუკეთეს, ვიდრე საჭირო იყო, ხოლო კლინიკის უფროსმა მედდამ ავადმყოფის ისტორიას სხვა მედდების ნაცვლად ხელი თავად მოაწერა, რითაც დოკუმენტი გაყალბდა“.
ადვოკატის ინფორმაციით, უფროსი მედდა გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ამბობს, რომ დოკუმენტზე ხელმოწერა არ ევალებოდა, თუმცა მაინც მოაწერა, „რადგანაც დაურეკეს და ამგვარად ხელმოწერის დავალება მიიღო”.
ხატიაშვილის თქმით, ვინ დაურეკა მედდას ამ მოთხოვნით, ეს ოჯახისთვის უცნობია. როგორც მან აღნიშნა, მედდის ჩვენება პროკურატურას დაახლოებით ერთი წელია აქვს, თუმცა რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ „მედდას ხელს აფარებენ“.
ხატიაშვილის თქმით, ფეხბურთელის ავადმყოფობის ისტორია გადაწერეს და გააყალბეს, რადგანაც ვიზუალურად ჩანდა, რომ ისტორიაზე ერთი ადამიანის ხელმოწერა იყო.
ცნობისთვის, 20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი 2021 წლის 10 სექტემბერს, „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ გარდაიცვალა. მას კორონავირუსი ჰქონდა.
0
0