07/07/2024
22:04
სპორტი
დავით ხოჭოლავამ ტრავმების გამო 31 წლის ასაკში კარიერა დაასრულა. კლუბი ფეხბურთიდან მის გაცილებას 28 ივლისს, „ორჰუსთან“ „პარკენ არენაზე“ პირველი საშინაო მატჩის დროს გეგმავს.
„ჩვენი გუნდის ქართველ ლეგიონერს, დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენი“ ახალი სეზონის პირველი საშინაო მატჩის დროს ფეხბურთიდან ოფიციალურად გააცილებს, რათა როგორც გულშემატკივრებმა, ისე კლუბის წევრებმა მადლობა გადაუხადონ „კოპენჰაგენისთვის“ გაწეული სამსახურისთვის. ვიმედოვნებთ, რომ სტადიონზე ბევრი ადამიანი მოვა და დავითს ღირსეულად გავაცილებთ“, – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ ცნობაში.
საქართველოს ნაკრებისა და „კოპენჰაგენის“ მცველის გადაწყვეტილებას კლუბის სპორტული დირექტორი სუნე სმიტ-ნილსენი გამოეხმაურა:
„ხოჭოლავა იმსახურებს კლუბისგან გულწრფელ მადლობას. მან უნდა იცოდეს, რომ ვაფასებთ მის ძალისხმევას და ჩვენი კლუბის კარი მისთვის ყოველთვის ღია იქნება“.
„ხოჭოლავა გამოცდილი მოთამაშეა და მისი გადაწყვეტილება კარიერის დასრულების შესახებ გულდასაწყვეტია. გარდა იმისა, რომ წარმოუდგენლად ნიჭიერი ფეხბურთლია, ძლიერი პიროვნებაცაა და გამორჩეული ხასიათი აქვს. პირველი დღიდან გამარჯვებულის სულითა და ინსტინქტით თამაშობდა. თანაგუნდელებს, მწვრთნელებსა და გულშემატკივრებს ყოველთვის შეეძლოთ მისი იმედი ჰქონოდათ. როდესაც ის საუკეთესო ფორმაში იყო, კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მცველი გახლდათ“, – განაცხადა „კოპენჰაგენის“ მწვრთნელმა იაკობ ნეესტრუპმა.
0
0