06/11/2024
23:02
პოლიტიკა
თეთრიწყაროს მოსამართლე, რომელმაც გადაწყვეტილება გამოიტანა, თვითონ რომ მივიდა არჩევნებზე, ვერ ნახა იყო თუ არა ფარულობა დარღვეული, ან მისმა ოჯახის წევრებმა? ოპოზიციის ლიდერები ხომ იყვნენ მისულები არჩევნებზე, იმ დღეს ვინმემ დააფიქსირა? ზეიმისა და შამპანურის ბოთლის გახსნის ნაცვლად, 8:00 საათზე გაეკეთებინათ განცხადება , - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ხმის მიცემის დროს ფარულობის შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
როგორც მაჭარაშვილმა „პალიტრანიუსისი“ გადაცემა „360 გრადუსში“ ოპოზიციის მოთხოვნაზე დაინიშნოს არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიება, აღნიშნა, რომ ოპოზიციამ არ იცის რას ეძებს.
„ეს ყველაფერი არის იმის მაგალითი, როგორი მონური ფსიქოლოგიის აზროვნება აქვს ოპოზიციას. ისინი ამბობდნენ, რომ უცხოელებმა უნდა დაგვინიშნონ მოსამართლეები, უცხოელებმა უნდა ჩამოიყვანონ სპეციალისტები და ახლა ამბობენ, უცხოელებმა უნდა ჩაგვიტარონ არჩევნები. ახლა კითხვა მაქვს: სად ხედავთ ამ შემთხვევაში სუვერენიტეტის რამე ნიშანწყალს? თუ შენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ხარ, თუ სამართლებრივი ინსტიტუტები გაქვს, უცხოელმა თუ დაგინიშნა მოსამართლე, უცხოელმა თუ ჩაგიტარა საგამოძიებო პროცესები, ინსტიტუტების მიმართ საერთოდ არ გაქვს ნდობა და უცხოელს ეუბნები, მოდი ჩამოდი. ჩვენ ვიცით ეს ჩატარება რას ნიშნავს - ის, რაც უკრაინაში გააკეთეს, რაც მოლდოვაში გააკეთეს.
კომპასი დაეკარგათ, დაიკარგნენ, რას ეძებენ თვითონ არ იციან. ჩვენ არაფერს ვეძებთ და არავინ ეძებს არაფერს, მათივე ამომრჩეველიც არაფერს ეძებს, იმიტომ, რომ მე-11 დღეა წამლად 1 მტკიცებულება ვერ მიიტანეს, რომლის მიხედვითაც იტყვიან, რომ ფარულობა არის დარღვეული“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, მმართველმა გუნდა დაუჯერა პარტნიორების მოწოდებას გამოძიებასთან დაკავშირებით და პროკურატურამ დაიწყო გამოძიება.
კითხვაზე, საბოლოოდ ამბობს თუ არა „ქართული ოცნება“ საერთაშორისო გამოძიებაზე უარს, მაჭარაშვილი პასუხობს, რომ საერთაშორისო გამოძიება ბუნებაში არ არსებობს.
"რაც შეხება საერთაშორისო გამოძიებას, ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. მეორეც, საქართველოში უკვე მერამდენედ ტარდება არჩევნები და ოპოზიციას მერამდენედ უნდა მოუვიდეს ხალხის გადაწყვეტილება, რომ აღარ სცადოთ. მერამდენედ უნდა გაითავისოს ოპოზიციამ, რომ ხალხს არ სურს მათი ხელისუფლებაში მოსვლა. არ არსებობს ისეთი ფორმულა, რომ წააგო და მაინც მოხვიდე ხელისუფლებაში.
რაც შეეხება გამოძიებას, მოიტანონ მტკიცებულება და იქნებ საერთაშორისო გამოძიება არც სჭირდებათ“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.
ამასთან, მაჭარაშვილმა პარლამენტში არშესვლაზე ოპოზიციის განაცხადთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევა თუ არა საქართველო და მისი საკანონმდებლო ორგანო მუშაობას კვლავინდებურად გააგრძელებს.
0
0