24/07/2024
19:12
მედიცინა
ონკოლოგიური პაციენტებისთვის კლინიკებში მედიკამენტებით მკურნალობის პროცედურების მოწესრიგების თაობაზე ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„ეს იყო საკმაოდ რთული სამუშაო და არ იყო მარტივად მისაღები გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდებოდა ამ ლოჯისტიკური საკითხების დარეგულირებას. მისი ეფექტები უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში დაიწყებს ამოქმედებას. ბრძანების ამოქმედების შემდეგ ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდება პაციენტი, როდესაც ნაცვლად იმისა, რომ ის პირადად წავიდეს რეცეპტის ხელში სააფთიაქო ქსელში, იშოვოს მედიკამენტი და უკან მიბრუნდეს იმავე კლინიკაში სადაც გადასხმა უნდა გაეკეთებინა, მოუგვარდება საკითხი ასე - როდესაც პაციენტი მიიღებს რეცეპტს და ეს მოხდება კონკრეტულ კლინიკაში, კლინიკა ფარმაცევტულ ქსელს თავად დაუკავშირდება, მისგან სამი დღის ვადაში მედიკამენტს მიიღებს და პაციენტს დახვდება ადგილზე ეს მედიკამენტი“, - განაცხადა სარჯველაძემ.
კითხვაზე, ამ მიმართულებით ეს სიახლე ხომ არ გაზრდის ხარჯებს - მინისტრი ასე პასუხობს:
„არ არის მარტივი სიახლეების დანერგვა, თუმცა ჩვენ კარგი თანამშრომლობა გვქონდა თავად კლინიკებთან და ექიმებთან. აღმოჩნდა სისტემა მზად იმისთვის, რომ ეს სიახლე დანერგილიყო. ამას დასჭირდა როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე ადამიანური რესურსებით გამართვა. არ მგონია და არავის უთქვამს, რომ ეს ხარჯების რაიმე რადიკალურ ცვლილებას გამოიწვევს. ხარჯების არსებითი ზრდა მოსალოდნელი არ არის, - ეს შეიძლება გადაჭრით ითქვას.
სამწუხაროდ არსებობს მედიკამენტების დეფიციტთან დაკავშირებით გამოწვევები. ამ კონკრეტული რეფორმის მიზანი გახლდათ ის, რომ ლოჯისტიკური საკითხი დარეგულირებულიყო. როდესაც დეფიციტი არსებობს, ამ ლოჯისტიკური საკითხის გადაჭრის მიუხედავად, პრობლემა პრობლემად დგას. ეს აქტუალური საკითხია და დღეს სამწუხაროდ გარკვეულ პრეპარატებზე და რაოდენობაზე დეფიციტი გვაქვს“, - აცხადებს მინისტრი.
0
0