20/07/2022
16:38
მსოფლიო
თუ უკრაინა დასავლეთის ქვეყნებისგან შორ მანძილზე მოქმედ იარაღს მიიღებს, მაშინ რუსული ჯარების სპეცოპერაციის გეოგრაფიული ამოცანები შეიცვლება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ უკრაინის იმ ნაწილს, რომელსაც ზელენსკი, ან მისი შემცვლელი გააკონტროლებს, ჰქონდეს იარაღი, რომელიც პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის ჩვენს ტერიტორიას და იმ რესპუბლიკების ტერიტორიას, რომლებმაც გამოაცხადეს დამოუკიდებლობა, მათ, ვისაც სურს თავიანთი მომავალი, თავად გადაწყვიტონ, “ - აღნიშნა ლავროვმა.
ამასთან, მისივე თქმით, მარტის ბოლოს, სტამბოლში გამართული შეხვედრისას ამ საკითხზე ვითარება არსებითად განსხვავებული იყო.
„ახლა კი გეოგრაფია სხვა არის. უკვე აღარ არის მხოლოდ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები, არის ხერსონის, ზაპოროჟიეს ოლქები და სხვა ტერიტორიები და ეს პროცესი გრძელდება“, – განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, უცვლელი რჩება ე.წ. სპეციალური ოპერაციის ამოცანა, რომელიც უკრაინის „დენაციფიკაციასა და დემილიტარიზაციას“ ითვალისწინებს.
„პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ როგორც თქვენ მას ციტირებთ: დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია იმ გაგებით, რომ ჩვენს უსაფრთხოებას არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდეს, არ არსებობდეს სამხედრო საფრთხე უკრაინის ტერიტორიიდან, ეს ამოცანა რჩება“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
0
0