11/12/2023
12:42
კონფლიქტები
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო გალის რაიონის მკვიდრის, საქართველოს მოქალაქე თემურ კარბაიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა. სააგენტო Ayashara-ს მიერ გამოქვეყნებულ კომენტარში არ არის ნახსენები მისი ცემა. გავრცელებული ინფორმაციით, „კარბაიას გარდაცვალების ფაქტზე შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ გამოძიებას“.
ე.წ. შსს-ს ცნობით, 6 დეკემბერს გალის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ გალის საქალაქო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე „გარკვეული მოქალაქე ნასვამ მდგომარეობაში აყენებდა მოქალაქეებს შეურაცხყოფას, შემოსულ სატელეფონო შეტყობინებაზე რეაგირების შედეგად” სოფელ წარჭაში მცხოვრები 1979 წლის 30 აგვისტოს დაბადებული ვიტალი კარბაია პოლიციის სამმართველოს სამორიგეო განყოფილებაში მიიყვანეს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ კარბაია „აგრძელებდა უცენზურო სიტყვების გამოყენებას პოლიციელების მიმართ და არ პასუხობდა შენიშვნებს“.
„კარბაიას პირადობის შემოწმებისა და ჩაწერის შემდეგ, ვ.ი მოათავსეს გალის რაიონში შინაგან საქმეთა დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც ის ძალადობრივად მოიქცა და სცადა თავის დაჭრა, რის გამოც გადაიყვანეს რაიონულ საავადმყოფოში სამედიცინო ჩარევისთვის“, - ნათქვამია კომენტარში.
დეფაქტო უწყების ცნობით, 7 დეკემბერს დილით, კარბაია გაათავისუფლეს "პრევენციული საუბრის შემდეგ".
კომენტარში ნათქვამია, რომ კარბაია 9 დეკემბერს სოხუმის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც წინა დღეს გალის საავადმყოფოდან გადაიყვანეს.
„კარბაია ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ქალაქ გალის სამედიცინო დაწესებულებაში წავიდა“, - ნათქვამია კომენტარში.
0
0